მკაცრი სასჯელი: საფეხბურთო მატჩი ბათუმში მაყურებლის გარეშე ჩატარდება

© courtesy of FC Dinamo Batumi ფეხბურთის მატჩი
ფეხბურთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2023
გამოწერა
ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობა და მწვრთნელთა შტაბი წყალტუბოს „სამგურალთან“ თამაშის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯნენ.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში 26 თებერვალს ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ მატჩით გახსნის, მაგრამ თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გასული წლის ნოემბერში ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი წყალტუბოს „სამგურალთან“ თამაშის დროს ინციდენტი გახდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩი „დინამოსა“ და „სამგურალს“ შორის სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შედეგებს არ დაეთანხმნენ ბათუმური კლუბის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, რომლებმაც აგრესია მსაჯებზე გადაიტანეს. შედეგად – მსაჯებმა მინდვრის დატოვება მხოლოდ სტადიონის დაცვის დახმარებით შეძლეს.

„ბათუმის სტადიონზე „აჭარული დერბის“ გულშემატკივრები გასულ წელს დაკისრებული სანქციის გამო ვერ დაესწრებიან, რომელიც ერთმატჩიან სასჯელს ითვალისწინებს. 3 მარტს მეორე ტურის შეხვედრაში „საბურთალოს“ ვუმასპინძლებთ. იმედი გვაქვს, სავსე ტრიბუნებს ვიხილავთ და ჩვეულ მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, – ნათქვამია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

ბათუმის „დინამომ“ გააპროტესტა სასჯელი, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე დაჯარიმდა 6 ათასი ლარით და ჩამოერთვა სტადიონზე შესვლის უფლება როგორც საქართველოს ჩემპიონატის, ისე საერთაშორისო მატჩებზე ერთი წლის ვადით.
ასევე დაჯარიმდა 2 ათასი ლარით და ექვს მატჩზე სტადიონზე შესვლის უფლება ჩამოერთვა ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს გურამ ბერიძეს.
დაისაჯა ასევე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დავით ჯანელიძეც – მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს კი 200-ლარიანი ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
გასული სეზონის შედეგებით ბათუმის „დინამომ“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. ახალი სეზონი 25 თებერვალს იწყება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0