მოსაზრება: პუტინმა საინფორმაციო ბომბი ააფეთქა

© photo: Sputnik / Dmitri Astakhov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
ვიდრე დასავლეთში „დეპუტინიზაციაზე“ საუბრობდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ვიქტორია ნიკიფოროვა
მისი გამოსვლა ფედერალურ კრებაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მსოფლიოს ყველა მედიამ მისი განხილვა დაიწყო, წერს „რია ნოვოსტის“ ავტორი.
დასავლეთში რუსეთის პრეზიდენტის გზავნილზე ორგვარი რეაქცია შეინიშნება – ხაფანგის შიში, რომელშიც ისინი თავად შევიდნენ, და მასობრივი გაქცევა რეალობიდან: „ჩვენი არა, პუტინის ბრალია“ ჩვენ უკრაინაში მშვიდობისთვის ვიბრძოდით, რუსეთი კი მოულოდნელად შეიჭრა.
ბაიდენის მრჩეველს უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანს „აბსურდულად მოეჩვენა მტკიცება იმისა, რომ უკრაინა რუსეთს ემუქრებოდა“. ანუ ნატოს სამხედრო ტექნიკა, ინსტრუქტორები, დონბასში ბრძოლები, 2014 წლის 2 მაისი ოდესაში, უკრაინული ნეონაციზმი – გამოდის, ეს ყველაფერი იყო მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის.
იმავე თემას – „ჩვენი არა, პუტინის ბრალია“ ატრიალებენ ბრიტანული Guardian და ამერიკული The New York Times, მასობრივი და ინტელექტუალური გამოცემები. თითქოს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით რუსეთს საფრთხეს არ უქმნის. და ამას რუსეთმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ბწკარებს შორის იკითხება, როგორ აღიზიანებს დასავლეთს რუსეთის სუვერენული სურვილი, დაიცვას თავისი ქვეყანა.
პუტინის ბრალდებას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს აღვივებს და ის ლოკალურიდან გლობალურ დონეზე გადაჰყავს, ვერაფრით უპასუხეს და უბრალოდ გაჩუმდნენ.
კლასიკური თავის მართლების ჯერი მოვიდა: „ჩვენ რაღა დავაშავეთ?!“ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიულ შეიარაღების შესახებ შეთანხმებაში, დასავლეთის მმართველი ელიტის ფსიქიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი კარგად გაიგეს. მათთვის სწორედ ეს ნაწილი იყო პუტინის სიტყვის მთავარი შინაარსი.
ენტონი ბლინკენმა პუტინის გადაწყვეტილებას „წარუმატებელი და უპასუხისმგებლო“ უწოდა და პირობა დადო, რომ აშშ „ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რას გააკეთებს ამ მხრივ რუსეთი“. მართალია, სახელმწიფო მდივანს დაავიწყდა დაემატებინა, რომ მათ ამის არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ვიდრე აშშ ღიად ებრძვის რუსეთს პროქსი-უკრაინელების ხელით და მიანიშნებს, რომ კარგი იქნებოდა მათთვის ბირთვული იარაღის მიწოდება, ამერიკელი ინსპექტორები ყურადღებით ვერ დააკვირდებიან იმას, თუ რა ხდება რუსეთის თავდაცვაში, სადაც მათ უბრალოდ არ დაუშვებენ.
პუტინის დაპირება, განაახლოს ბირთვული ცდები, თუ ამას ამერიკელები გააკეთებენ, გაზეთმა Guardian-მა მომენტალურად გადათარგმნა, როგორც „რუსეთის მუქარა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში“.
თუ კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლები თავს იკატუნებენ, რომ არ ესმით რუსეთის ლოგიკა, გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის პუტინის სიტყვა სავსებით გასაგები იყო. ჩინეთის მასმედიაში აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის პრეტენზიები მსოფლიო ჰეგემონიაზე მიუღებელია, ჩინელი მკითხველი კი აღაფრთოვანა რუსების გმირობამ და დღევანდელი დაპირისპირება დასავლეთთან დიდ სამამულო ომს შეადარა.
ნებისმიერ ქვეყანას კოლონიალური წარსულით კარგად ესმის ყველაფერი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა. ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში, სხვისი სისხლით სპეკულირება, ტყუილები და ექსპლუატაცია – სწორედ ასე მდიდრდებოდნენ დასავლელი მონებით მოვაჭრეები, აშენებდნენ თავიანთ „ოქროს მილიარდს“. ახლა კი ეს მილიარდი მათ თვალწინ ილევა. და ერთადერთი შესაძლებლობა არათუ გადარჩენისა, არამედ ვარდნის შეჩერებისა, მათთვის რუსეთის სტრატეგიული დამარცხებაა.
თუ რუსეთი ვერ გაუძლებს, ძარცვის მომდევნო ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყანა, რომლის ხარჯზეც ვაშინგტონი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას მოინდომებს. რიგში პირველი, რა თქმა უნდა, ჩინეთია.
თუმცა ჩინეთის გარდა შეიძლება გაიძარცვოს მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყანა. ყველა ამ ქვეყნის ინტერესებს – დიდისა თუ პატარის, ღარიბისა თუ მდიდრის, დღეს რუსეთი იცავს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ ადამიანებს ესმით დღევანდელი სიტუაცია – მეტად სახიფათო და ამავდროულად მრავალი შესაძლებლობის მომტანი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0