ვერმოდრეკილი მხეიძეები: ამბავი „ვითარცა ლომი“ ძმების ბრძოლისა და სიკვდილისა

© Pixabay / azboomer
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ არაბებმა საქართველო VII საუკუნის პირველ ნახევარში დაიპყრეს, ჩვენი ქვეყანა, ავად თუ კარგად, კიდევ თითქმის ასი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას — მანამ, სანამ არაბთა ხალიფა ჰიშამმა თავისი ბიძაშვილი მარვან იბნ მუჰამედი არ დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად და მას არ დაავალა ამ რეგიონის სრულად დამორჩილება.
იმ დროს არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებს მოკავშირეობას ხაზარები უწევდნენ, რომლებიც დარიალითა და დარუბანდით გადმოდიოდნენ ამიერკავკასიაში და სახალიფოს ჩრდილოეთ ნაწილს აოხრებდნენ.
735 წელს ხაზარების დასამარცხებლად და კავკასიის დასამორჩილებლად არაბთა დიდი ლაშქარი მარვან იბნ მუჰამედის სარდლობით ჯერ სომხეთში შეიჭრა, მერე ალბანეთში, იქიდან დაძრული კი 120 ათასი მეომრით ქართლს შემოესია.
როგორც მემატიანე წერს:

„აღძრა ყოველი თესლ-ტომი წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფარა პირი ქუეყანისა“.

მტრის ურიცხ ჯართან პირისპირ შერკინება უაზროდ მიიჩნია ქართლის ერისმთავარმა მირმა და ძმასთან არჩილთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი.
მურვან ყრუდ წოდებულმა სარდალმა მოსრა და გაანადგურა ჰერეთი, კახეთი, ქართლი, საქართველოს მთიანეთი და არაგვის ხეობის გავლით დარიალამდეც მივიდა.
„მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქვა მურვან ყრუ, ძე მომადისა... მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრო კარი დარეალისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“, — წერს ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი.
არაბი სარდალი შიშობდა, ხაზარებს ისევ არ გამოეღოთ ხელი ქართველების დასახმარებლად, ამიტომ დარიალის ციხეში არაბთა გარნიზონი ჩააყენა. მაგრამ ამაოდ გაისარჯა, რადგან ხაზართა დიდ ხაკანს მოკავშირეთა დახმარება არც უფიქრია, წარბის გაუტოკებლად შეატოვა ისინი გამძვინვარებულ მტერს.
მერე ჯერ სამხრეთ საქართველოში გადავიდა და ციხე-ქალაქი ოძრხე (ოძრახე) მოაოხრა, იქიდან კი ხანისწყლის ხეობით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა.
წარმატებებით გათამამებულმა მარვანმა სიფხიზლეს უკლო, რითაც კარგად ისარგებლეს არგვეთის ერისთავებმა — დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა. მცირერიცხოვანი ჯარით ჩაუსაფრდნენ არაბთა ავანგარდს ფერსათის მთაზე, ხანისწყლის პირას და უმაგალითო ბრძოლა გაუმართეს. სასტიკი მარცხი აგემეს მომხდურს: „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნივეს იგინი და ურიცხვნი მოსრნეს“.
განრისხებული მურვან ყრუ ურიცხვი ლაშქრით დაიძრა არგვეთისკენ და მიწასთან გაასწორა სამთავრო. ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ დავით და კონსტანტინე. ბოლოს ერთ ვიწრო ხევში შეიტყუეს არაბებმა ძმები მხეიძეები მცირერიცხოვან რაზმთან ერთად. თავდაუზოგავად იბრძოლეს ერისთავებმა, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და არაბებმა ტყვედ ჩაიგდეს არგვეთის ერისთავები.
დიდად გაიხარა მურვან ყრუმ ტყვეთა ხილვით, ხელები ზეცად აღაპყრო, განადიდა მუჰამედი და ხელებდაბორკილ ძმებს მრისხანედ მიმართა:
„ვინანი ხართ თქუენ ქვათა და ძელთა მსახურნო, რომელთა იკადრეთ წინაგანწყობაჲ ჩემი? ანუ არა იცითა, ვითარმედ დიდისა მოციქულისა მუჰმედის დისწული ვარ, რომლისა სჯულსა ჰმონებს ყოველი არაბეთი და სპარსეთი?“
ამაზე მშვიდად მიუგია დავით მხეიძეს:

„სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არის ჩვენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამი არის დიდება შენი და ადრე გაქარდება... მუჰამედით კი ტყუილად ამაყობთ, რადგან მან წარწყმიდა და აცდუნა თქვენი ერი“.

დიდხანს და გახელებით სცემდნენ არაბები უდრეკ ძმებს თურმე. ისინი კი მდუმარედ და უდრტვინველად იღებდნენ ყოველ დარტყმას. და მურვან ყრუ, რომელსაც არგვეთის ერისთავთა სიკვდილით დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი, ისე მოხიბლულა ძმების სიმამაცით, რომ სიცოცხლის შენარჩუნება შეუთავაზებია მაჰმადის რჯულზე მოქცევის სანაცვლოდ.
ეგეც არ იყოს, წმიდად პრაგმატული გათვლითაც სჯობდა არგვეთის ერისთავთა ცოცხლად დატოვება და მათი მოკავშირედ ქცევა. საქმე ისაა, რომ მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, მურვან ყრუმ მაინც ვერ მოახერხა ქართლის ერისმთავრების მირისა და არჩილის ხელში ჩაგდება. ისინი კვლავაც განაგრძობდნენ უშეღავათო ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მცირე რაზმებით ფარულად ესხმოდნენ თავს მტერს და არაბებს ქართული მიწის ყოველი გოჯი უზომო სისხლად უჯდებოდათ.
თითქმის ორი წელი იყო გასული მარვანის ლაშქრობის დაწყებიდან და არაბთა სარდალს ჯერ კიდევ ვერ მიეღწია სასურველი შედეგისთვის. ამიტომ ფიქრობდა, რომ სახელგანთქმულ არგვეთის ერისთავთა დავით და კონსტანტინე მხეიძეთა გადაბირებით ქართველთა წინააღმდეგობის გატეხვასა და ქვეყნის დაპყრობის პროცესს დააჩქარებდა.
ამიტომაც შესთავაზა ერისთავებს დიდძალი ქონება და არაბთა ჯარების მთავარსარდლობა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო:
„ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.
ათი დღით დილეგში გამოკეტეს ძმები არაბებმა, ათი დღე სასტიკად აწამეს ისინი, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს, ვერ მოდრიკეს მამაცი მხეიძეები. ბოლოს სამოსისგან განძარცვეს ორთავე, ხეზე დაჰკიდეს და მძიმე ხელკეტებით სცემეს დაუნდობლად. მერმე ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები შეაბეს და გადაჰყარეს „მდინარეს მას ფასონსა, რომელ არს ენითა ქართულითა რიონი“.
მანამდე დრო ითხოვეს სალოცავად ძმებმა, თვალნი ზეცად აღაპყრეს ნაგვემებმა, პირჯვარი გადაიწერეს და გულმხურვალედ შეავედრეს უფალს თავი, დაჰმარხენ გუამნი ჩუენნი განუხრწნელად და დაურღუეველადო.
და იმ ღამეს სასწაულის მხილველნი გახდნენ იქაურები. ზეციდან სამი ცეცხლოვანი სვეტი დაშვებულა, ნათლად დასდგომია თავზე წყალს და უხილავთ ადამიანებს, როგორ შეხსნია დაბორკილი ხელ-ფეხი წამებულ გმირ ძმებს, როგორ მოსწყვეტიათ მძიმე ლოდები ცხედრებს ქედთაგან, ხოლო „გუამნი იგი წმიდათა მოწამეთანი ბრწყინვიდეს წყალთა მათ შინა, ვითარცა მთიებნი განთიადისანი“.
ამოასვენეს წყლიდან გმირი ძმები, მდინარე წყალწითელასთან მურვან ყრუს მიერ დაქცეულ ხარების ეკლესიის აკლდამაში დაასვენეს ისინი...
არაბებმა კი ლაშქრობა განაგრძეს. ცეცხლითა და მახვილით გაიარა მარვანმა ეგრისი, ციხე-გოჯი დაანგრია, კლისურის (კელასურის) გალავანი გადალახა, გადაწვა ცხუმი (სოხუმი) და პიტიოტა (ბიჭვინთა), მაგრამ ანაკოფიას (ახალი ათონი) გამაგრებული ქართლის ერისთავები — მირ და არჩილი მაინც ვერ ჩაიგდო ხელში, ვერ აიღო ანაკოფია.
ამასობაში არაბთა შორის ტიფი გავრცელდა, ბევრი მეომარი დაეღუპა მარვანს. არაბთა მთავარსარდალი იძულებული შეიქნა უკან გაბრუნებულიყო.
მაგრამ აქ უკვე ბუნების რისხვა წამოეწიათ დამპყრობლებს. კოკისპირულ წვიმას ცხენისწყალი და აბაშა ისე აედიდებინა, რომ ერთ მდინარედ ექცია ისინი. 23 ათასი მეომარი და 35 ათასი ცხენი წაუღია „წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა“.
თავბედი უწყევლია სამშვიდობის გასულ მურვან ყრუს „ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს“ და დაუყონებლივ დაუტოვებია საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ მარვან იბნ-მუჰამედს საქართველოდან გასაქცევად გაუხდა საქმე, მისმა სამწლიანმა თარეშმა უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. უამრავი ქართველი გაიჟლიტა, გაუკაცრიელდა ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველო გაუდაბურდა. და რაც ყველაზე მთავარია, არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში, შექმნეს თბილისის საამირო, რომელიც თითქმის 400 წლის განმავლობაში იყო მუსლიმი დამპყრობლების საყრდენი ქართულ მიწაზე.
რაც შეეხება თავად მარვანს, მას იღბალი გაუღიმებს და 744 წელს დამასკოში დიდი ხალიფის ტახტზეც ავა. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება მისი ზეობა. აჯანყებული აბუ ალ-აბასი დაამხობს მას 750 წელს და დამასკოდან ეგვიპტეში გაქცევა მოუწევს. თუმცა მალევე შეიპყრობენ და სიკვდილით დასჯიან ახალი ხალიფის ბრძანებით — თავს მოჰკვეთენ საქართველოს ამაოხრებელს და ენას ამოაძრობენ, რომელსაც კატა გაიტაცებს შესაჭმელად...
ასე აუხდება მძვინვარე არაბ სარდალს არგვეთის ერისთავის, წამებული დავით მხეიძის სიტყვები:
„სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არის ჩვენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამი არის დიდება შენი და ადრე გაქარდება“.
ყველა ახალი ამბავი
0