პარლამენტი მხარს დაუჭერს პრემიერის ინიციატივას სურსათის ფასებზე - მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
მთავარია, ეკონომიკური ზრდა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს, განმარტა მამუკა მდინარაძემ.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელზე მუშაობაც დაიწყო საქართველოს მთავრობამ და რომელმაც უნდა უზრუნველყოს გონივრული ფასები სასურსათო პროდუქტებზე.
მთავრობამ მუშაობა კანონპროექტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ფასების მომატება კვების, განსაკუთრებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ბაზრის პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ამჟამად ფასნამატი პროდუქტებზე 70-80%-ს და ზოგჯერ 100%-საც აღწევს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, რომ პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით. მას მხარდაჭერა ექნება და დეტალურად გავივლით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

კანონპროექტი, რომელზეც ამჟამად მუშაობს მთავრობა, ითვალისწინებს საქართველოში ევროპაში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას. საფუძვლად აღებულია ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ეხება სამართლიან ვაჭრობას, განაცხადა პრემიერმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.
მთავრობამ იცის, როგორ შემცირდეს სურსათზე ფასები>>
„ქვეყანაში როდესაც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პარალელურად მაღალი ინფლაციაა, ამ დროს მთავარი გამოწვევაა – ეკონომიკური ზრდა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. ამის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა მდინარაძემ.
ორი კვირის წინ პრემიერმა სამ უწყებას – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა გაემართათ შეხვედრები იმპორტიორებთან და რიტეილერებთან და გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც. საკითხში აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტოც.
პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ისეთი პროდუქტების ფასები, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 25-30% ემატება.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა. ამასთან, ფასები იანვარში პროდუქტებსა და სასმელზე 15%-ით გაიზარდა 2022 წლის იანვართან შედარებით და 1,4%-ით – 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0