მიუხედავად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა, მიგრაციის ოპტიმალური მაჩვენებლებია - კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ ოთხ წელიწადში საქართველოდან 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა, საქართველოში მიგრაციის ოპტიმალური მაჩვენებლებია, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე.
ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა დემოგრაფიული მდგომარეობა და მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მასობრივად ტოვებს ქვეყანას. ისინი ამტკიცებენ, რომ ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ (2017 წ.).

„საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს“, – დაწერა კობახიძემ.

როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ ლიეტუვის მოსახლეობა 600 ათასით – 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიის 400 ათასით – 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, აღნიშნა კობახიძემ.

„ამ ფონზე საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა“, – დაწერა კობახიძემ.

შედარებისთვის, წინა მთავრობის დროს, 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, მიგრაციის უარყოფილი სალდო 221 ათასი ადამიანი იყო.
„რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მაგალითად, 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადებების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადებების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა.
„რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.
რა თქმა უნდა, მიგრაციის სალდო გაუარესდება აშშ-ის სავიზო რეჟიმის შესუსტების პირობებში, აღნიშნა მან.
„ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში, 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტი 180 დღის განმავლობაში ჯამში 90 დღის ვადით განახორციელონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0