ღარიბაშვილი სააკაშვილის შესახებ მიუნხენში: ის დამნაშავეა, კანონზე მაღლა ვერ დადგება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2023
გამოწერა
პრემიერმა ისაუბრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოში არავინ იქნება კანონზე მაღლა, მათ შორის მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
სააკაშვილის თემა მსოფლიო საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპარლამენტის რეზოლუციის ფონზე, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა გაჟღერდა.
„არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა და მისი ბრალეულობა დამტკიცებულია.
„სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით. კერძო ტელევიზია „იმედში" შეიჭრა მის პერიოდში სპეცრაზმი და ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც ოდესიდან საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
„ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან კადრებს, რომლებიც წონაში დაკლებულ სააკაშვილს ასახავენ, „მსახიობობა“ უწოდა.
„თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მის ოჯახს შესთავაზა მსოფლიოს ნებისმიერი კლინიკის ექიმის ჩამოყვანა, თუ მას ნადვილად ესაჭიროება მკურნალობა.
გარდა ამისა, პრემიერმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა.
„ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რომელიც სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებზეც ისაუბრა, რის გამოც ის უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის 29 სექტემბერს ჩამოვიდა.
„ზუსტად რომ ვთქვა, მისი დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
წონაში კლება პრეცედენტის საბაბი არ არის - კობახიძე სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგში>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0