პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონოდ გადაყვანისთვის სამი ქალი დააკავა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკება „კლიენტსა“ და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზატორებს შორის
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების გაწევის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ხოლო კიდევ ორი დაკავებული კი ამ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.
ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით მიჰყავდათ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, იქიდან კი საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
39 წლის ნ.ვ., 32 წლის ნ.დ. და 33 წლის ნ.ბ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით თბილისსა და ქუთაისში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0