Wizz Air ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლის

© photo: Sputnik / Stringerკომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი
კომპანია WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
ქუთაისი–ბერლინის რეისზე უამინდობის გამო 87-მა მგზავრმა დააგვიანა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებით გამოცხადებული მგზავრები ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებენ, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისი–ბერლინის რეისზე 87 მგზავრი დაგვიანებით გამოცხადდა, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე უკვე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა.

„ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ „ვიზეარი" დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია დაახლოებით 300 ლარზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქარქაშაძის ცნობით, ამ ეტაპზე 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე.
„იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან“, – განაცხადა ქარქაშაძემ.
დღეს რეისზე დაგვიანებული მგზავრები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ რეგისტრაციაზე სულ სამი წუთი დააგვიანდათ, მაგრამ ისინი არ დაარეგისტრირეს იმის მიუხედავად, რომ ფრენაც გარვეული დროით გადაიდო და დაგვიანებით შესრულდა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მიუხედავად უამინდობისა, მაინც ასრულებს რეისებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0