პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის წყარო გახდა

© courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
საქართველოს შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტის ოთხშაბათს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ რეაგირებაზე. სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის, ნათქვამია დოკუმენტში.

,,არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რათა დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმე – ეს არის ლაკმუსის ტესტი.
„ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე – ეს არის ლაკმუსის ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ევროპარლამენტმა სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო>>>
ეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მესამე კრიტიკული რეზოლუციაა. პირველი მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, ხოლო მეორე 14 დეკემბერს. ყველა დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, არის რეკომენდაცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

„ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
ამასთან, სამივე რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ეხება. მათი ინიციატორია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია „ევროპის სახალხო პარტია", რომელშიც შედის სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0