მოსაზრება: შეხვედრა ბრიუსელში და „რამშტაინი-9“ — უკრაინის არმიის პატრონაჟი და საბოტაჟი

© photo: Sputnik / Victor Antoniuk
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები 14-15 თებერვალს ბრიუსელში იხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებას იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო საშუალებებით – რუსეთის „დასამარცხებლად“.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ და დააჩქარონ კიევისთვის იარაღის მიწოდება და ამ პროცესს „ლოგისტიკის შეჯიბრი“ უწოდა. თუმცა დაჩქარების სურვილი არ ემთხვევა ობიექტურ შესაძლებლობებს. მსხვილი კალიბრის იარაღის ახალი პარტიების მიღების დრო 12-დან 28 თვემდე გაიზარდა. თავდაცვის მინისტრები იხილავენ სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გაზრდის მეთოდებს.
პარალელურად ბრიუსელში მეცხრედ შეიკრიბა უკრაინის შეიარაღებული ძალების დონორი ქვეყნების საკონტაქტო ჯგუფი. „რამშტაინ-9“-ის ფორმატს წარმოადგენს 40-ზე მეტი სახელმწიფო, რომელთა წარმომადგენლებიც მსჯელობენ უკრაინისთვის სხვადასხვა შეიარაღების გადაცემაზე. პრიორიტეტად მიჩნეულია ჯავშანტექნიკა, თუმცა შემტევი ავიაციის მიწოდება კვლავაც განიხილება.
პენტაგონის თავკაცმა ლოიდ ოსტინმა დონორი ქვეყნების დახმარება 11 თვის განმავლობაში 50 მლრდ დოლარად შეაფასა. უახლოეს მომავალში აშშ აპირებს უკრაინისთვის ახალი პაკეტის გადაცემას, შემდეგ კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტეგრირებული სამხედრო დახმარებით დიდი ხნით უზრუნველყოფას.
თეთრი სახლი მოქმედებს კონგრესთან ერთად, რათა დაამტკიცოს კიევისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 10 მილიარდი დოლარის ოდენობით.

აჩრდილის დევნა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას მაქსიმალური რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცენ მანამ, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივას ჩაიგდებს ხელში. კიევისთვის გადაცემული დასავლური იარაღის მოცულობა და ხარისხი გეგმებს არ შეესაბამება და ვერ შეიტანს გარდატეხას ვითარებაში ნატოს სასარგებლოდ.
მაგალითად, რვა ქვეყნის კონსორციუმმა (გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდი) იტვირთა უკრაინისთვის ორი-სამი ასეული „ლეოპარდის“ სხვადასხვა მოდიფიკაციის მიწოდება. დამატებით აშშ, პოლონეთი, ჩეხეთი და ნიდერლანდი კიევს გადასცემენ 90-მდე Т-72 ტანკს. რუსეთის ჯარმა ერთ წელიწადში გაანადგურა 7859 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 4090 საარტილერიო იარაღი, 3120 უპილოტო საფრენი აპარატი, 1010 გამშვები სარაკეტო დანადგარი, 590 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
პოლონეთმა იტვირთა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკისტების გაწვრთნა ოთხ კვირაში. ვარშავა უჩივის გერმანული სათადარიგო ნაწილების ქრონიკულ დეფიციტს, რაც აფერხებს „ლეოპარდების“ გადაცემას კიევისთვის. გერმანია არ ჰპირდება სატანკო ეკიპაჟების დაჩქარებულ მომზადებას. ავსტრიამ უარი თქვა სასწავლო პროცესზე, რათა არ შეილახოს მისი ნეიტრალური სტატუსი. ესპანეთის, კანადის, შვედეთისა და ფინეთის ვალდებულებები იარაღის მიწოდების კუთხით საკმაოდ ბუნდოვანია.
ვაშინგტონიც კი არ ჰპირდება კიევს შორი მანძილის რაკეტებს ATACMS-ს HIMARS-სთვის, ვინაიდან პენტაგონს „ზედმეტი რაკეტები არ აქვს“. კორპორაცია Lockheed Martin-მა 20 წლის განმავლობაში გამოუშვა სხვადასხვა მოდიფიკაციის 4 ათასი ATACMS. სპარსეთის ყურესა და ერაყში ბრძოლების დროს გამოიყენა 600 ერთეული. რაკეტების ნაწილი მოკავშირეებს მიჰყიდა (სამხრეთ კორეა, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, თურქეთი, კატარი და ბაჰრეინი). პენტაგონს დიდი ომის შემთხვევისთვის 2 ათასზე მეტი რაკეტა არ დარჩა. ახლების შეკვეთას დიდი დრო და ფინანსები უნდა. ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებიდან ATACMS-ის რეექსპორტი ესკალაციის სერიოზულ რისკს უკავშირდება.
უკრაინისთვის დაპირებული საჰაერო ბაზირების 500 კმ მანძილის ბრიტანული რაკეტები Storm Shadow ლონდონიდან შესაფერისი თვითმფრინავების არქონის გამო კიევში ვერ გადააქვთ. კითხვის ნიშნის ქვეშაა უკრაინისთვის ჩამოწერილი სლოვაკური МиГ-29-ის გადაცემაც კი.
Financial Times-მა ვაშინგტონში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ დასაშვებად მიიჩნევს კიევისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემას „ომის გაჭიანურების შემთხვევაში“. არ არის გამორიცხული ნატოს მფრინავების, ტექნიკისა და აეროდრომების გამოყენება. ყოველი შემთხვევისთვის, ამერიკული F-16 მძიმე რუსულ გამანადგურებლებს Су-35С და Су-30СМ-ს ბევრად ჩამოუვარდება.
ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა. პენტაგონს ევროპულ ბაზებზე 100 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთაგან ბევრი იმყოფება რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში. ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი აღიარებს, რომ ალიანსი არ არის მზად რუსეთთან შეიარაღებული შეტაკებისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასკვნის: აშშ-ის ამბიციებმა გამოიწვია უკრაინის განადგურება, შემდგომი ესკალაცია ემუქრება ევროპაში აშშ-ის და ნატოს ფიზიკურ არსებობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0