იბანავეთ სწორად: სიხშირე, წყლის ტემპერატურა და დრო - იაპონური კვლევა

© Pixabay / PIRO4Dსააბაზანო
სააბაზანო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ყოველდღიური ბანაობა ზრდის ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამცირებს დაავადების რისკს, წერს იაპონური გამოცემა Nikkei Style ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ შინია ჰაიასაკას კვლევაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ჰაიასაკა და მისი კოლეგები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 65 წელზე მეტი ასაკის 14 ათას ადამიანს. მონაცემების დაჯამების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ყოველდღე იღებდა აბაზანას, 29%-ით ნაკლებად უწევდათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ვიდრე მათ, ვინც კვირაში მაქსიმუმ ორჯერ ბანაობდა.
გარდა ამისა, მკვლევართა ჯგუფი ასევე აკვირდებოდა 40-50 წლის 30 ათას ადამიანს. შედეგად გაირკვა, რომ ამ ასაკში ყოველდღიური ბანაობა ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ამცირებს.
როგორც პროფესორი ჰაიასაკა აღნიშნავს, აბაზანის სამი ეფექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანია თერმული ეფექტი, ვინაიდან სისხლძარღვების გაფართოება დადებითად მოქმედებს სისხლნაკადზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხსნის დაღლილობას. ამასთან მცირდება გულზე დატვირთვა და არტერიული წნევა, იკლებს გაღიზიანება და ქრონიკული ტკივილების სიმწვავე.
სითბო ასტიმულირებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ამშვიდებს ორგანიზმს. სხეულის ტემპერატურის მატება ზრდის იმუნური უჯრედების აქტივობას და აძლიერებს იმუნიტეტს.
რაც შეეხება კიდევ ერთ, ე.წ. მოტივტივე ეფექტს, ანუ როცა ადამიანი აბაზანაში მხრებამდე წვება, ამ დროს ძვლებსა და კუნთებზე დატვირთვა მცირდება, წყლის წნევა ფეხის თითებში სისხლს აჩქარებს და აცხრობს შეშუპებებს.
იაპონელი სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით სასარგებლოა 10-წუთიანი სააბაზანო პროცედურა 40°-იან წყალში. საქმე ისაა, რომ:
თუ წყლის ტემპერატურა 42 გრადუსს გადააჭარბებს, სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულაცია მოხდება, რაც სხეულს მოდუნების საშუალებას არ მისცემს;
ხოლო თუ წყლის ტემპერატურა 37 გრადუსზე, ანუ სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე ნაკლები იქნება, ეს სითბურ ეფექტს ვერ გამოიღებს.
ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აბაზანაში დიდი ხნით ჩაწოლა სითბური დარტყმის რისკს ზრდის. ამიტომ ამ პროცედურით მხოლო 20 წუთით შეგიძლიათ ისიამოვნოთ, ისიც წყალში სანახევროდ ჩაფლულმა.
როგორც იაპონელ მკვლევართა გუნდი გვაფრთხილებს, ორგანიზმი აბაზანის მიღებისასაც გამოყოფს ოფლს. ზოგი მონაცემით, 41°C-იან წყალში 15 წუთით ყოფნა 800 მილილიტრ წყალს აკარგვინებს ადამიანს. ამიტომ გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად აბაზანის მიღებამდე და მის შემდეგ 500 მილილიტრი სითხე უნდა დალიოთ.
ყველა ახალი ამბავი
0