სამარცხვინო ომი ქართველთა: ამბავი დედოფლის საწმერთულისა და მამის ახდენილი წყევლისა

© Pixabay / DangrafArt
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
ქართველები კახთა მეფე ალექსანდრე მეორეს დიდ დიპლომატად და ძლიერ პოლიტიკოსად ვიცნობთ, რომელმაც კახეთს მშვიდობა და ეკონომიკური აღორძინება მოუტანა.
სამწუხაროდ, ეს მედლის ერთი მხარეა. არსებობს მეორეც, რომელმაც განსაზღვრა კიდეც მეფე ალექსანდრეს ტრაგიკული ბედი: 1602 წელს ის საკუთარმა ვაჟმა კოსტანტინე მირზამ მოკლა, კახეთს კი ამის შემდეგ მშვიდობა კარგა ხანს აღარ ღირსებია. უფრო მეტიც, ლამის ერთიანად მოისრა ყველაფერი, რასაც ასე რუდუნებით აშენებდა კახთ ხელმწიფე.
პოლიტიკური ქსელების ხლართვის დიდოსტატი ალექსანდრე ბოლოს თავად გაება თავისსავე მახეში. თუმცა თავიდან კარგად ლავირებდა „სამ ზვიგენს“ — სპარსეთს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ ბოლოს მისი უკვე აღარავის სჯეროდა და ერთნაირად სძულდათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სპარსელები „ბებერ მგელს“ უწოდებდნენ ალექსანდრეს, მისი ნდობა არ შეიძლებაო, ამბობდნენ. 1595 წელს ყაზვინში, შაჰ აბასის კარზე წვეულ რუს ელჩებს დაუფარავად განუცხადეს, ისკანდერ-ხანს ვერავინ ენდობა, თქვენს ხელმწიფესაც ატყუებს და ჩვენსასაც, თქვენსას თავს ქრისტიანობით უქონავს, დიდებულ შაჰს მორჩილებას ეფიცება, ხოლო ოსმალთა ხონთქარს ხარკად 30 საპალნე აბრეშუმს უგზავნისო.
ოსმალები „ფიცის გამტეხსა“ და „ცბიერს“ უწოდებდნენ ისკანდერ-ხანს, ქართველები კი დაუფარავად ამბობდნენ, რომ მეფეს „რაინდული არა ეცხო რა...“
კახეთისთვის დამაშვრალი „ბებერი მგლის“ თვალსაწიერი ვერ ამაღლდა საერთო ქართულ ცნობიერებამდე. ის მხოლოდ კახეთის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საბოლოოდ ვერც ამ კუთხეს ააცილა საფრთხე.
ალექსანდრეს იზოლაციონური პოლიტიკა მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს. იმ დროს, როცა მისი სიძე, ქართლის მეფე სვიმონი სპარსელებსა და ოსმალებს ებრძოდა, ის ქართლის მეფეს ემტერებოდა და ყველაფერს აკეთებდა მის დასამხობად და დასამცრობად.

კახეთის მეფემ ისარგებლა, რომ სვიმონს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული დამპყრობლებთან და კავთისხევს მდგარ საკუთარ დას, სვიმონ მეფის თანამეცხედრე ნესტან-დარეჯანს ბარძიმ ამილახორი და ელიზბარ ქსნის ერისთავი მიუსია და გაძარცვა.
გამოხდა ხანი. 1580 წელს ახლა ალექსანდრეს დასჭირდა სიძის დახმარება, როცა გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი შეეცილა ტახტს.
ისა-ხანი, რომელსაც სპარსეთის შაჰი უმაგრებდა ზურგს, მომხრე კახელებთან ერთად შეიჭრა ალექსანდრეს სამფლობელოში მის დასამხობად. მაგრამ კახეთის მეფეს ქართლის მეფე სვიმონი მიეშველა თავისი ქართლელებით და გაერთიანებული ლაშქრით დაამარცხეს მომხდური. მაგრამ ალექსანდრემ გაუგონარი უმადურობა გამოიჩინა და იმავე წელს მიაგო სიძეს დახმარების სამაგიერო.
კახთა მეფემ შეიტყო, რომ სვიმონ მეფე დიღომს იდგა ცოლ-შვილით, უჯაროდ, მცირე გუშაგით. ღამით დაეცა თავს მძინარე ოჯახს. სვიმონმა გაქცევა მოასწრო, ხოლო მისი ცოლ-შვილი ალექსანდრეს ჩაუვარდა ტყვედ. მიუხტა ალექსანდრე დას, ხელები შეუბოჭა, საწმერთული გააძრო, შუბზე ჩამოკიდა და დროშასავით აფრიალებული გაიძღოლა კახეთისკენ. ეს თავისმომჭრელი საქციელიც არ იკმარა, ქართლის მეფე-დედოფლის პირადი ნივთებიც დაიტაცა.
როგორც ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი ვახუშტი ბატონიშვილი წერს:

„იავარ ჰყო დედოფალი და დაი თვისი. და ნიფხავი მისი ააცვა შუბსა ზედა და წავიდა და იკადრა უკადრო, არა ჯერ-საყოფი, ვითარცა ავაზაკმან“.

სვიმონი მალევე დაბრუნდა უკან სახელდახელოდ თავმოყრილი ლაშქრით, მაგრამ ვეღარ მიუსწრო ალექსანდრეს. მხოლოდ დედოფალი დახვდა შერცხვენილი და ატირებული. მრისხანებით აღსავსე წერილი მისწერა სვიმონმა ცოლისძმას:

„შენ იკადრე საქმე ბოროტი და ესოდენ უშვერი, რომლის მსგავსი კაცთაგან არავის უკადრებია. სხვას რომ გაებედნა, შენ შური უნდა მიგეგო შენი დის ესევითარი შეურაცხოფისათვის. ახლა ესც უწყოდე: შენებრ მუხთლად არ დაგესხმები მძინარესა. გატყობინებ და მოვდივარ ბრძოლად და შურისგებად. ხოლო შენ დამხვდი, უკეთუ ხარ კაცი მცირესა მამაცობასა“.

თქმა და ქმნა ერთი იყო. ძმათამკვლელი ბრძოლა კახელებსა და ქართლელებს შორის მარტყოფთან გაიმართა. ამ სამარცხვინო ბრძოლაში კიდევ უფრო სამარცხვინოდ მოიქცა კახთა მეფე: ალექსანდრე დიაცივით გაიქცა ბრძოლის ველიდან და ჯარი გაცეცხლებულ სიძეს შეატოვა. უმეთაუროდ დარჩენილი კახელები დამარცხდნენ. სვიმონმა კახი თავადები მცხეთაში წაასხა, სვეტიცხოვლის ტაძარში შეიყვანა და ხატზე ფიცი დაადებინა:
„ღმერთმან სამართლის მოქმედმან დალახვროს და დააქციოს კახელი კაცი, თუ ამიერიდან იგი ქართლელ კაცზე ხელს აღმართავს!“
ფიცის დადების შემდეგ სვიმონმა ისინი დაასაჩუქრა და შინ გაისტუმრა.

საუბედუროდ, დისა და სიძის გარდა, თავის უფროს ვაჟს დავითსაც არ სწყალობდა ალექსანდრე. მას გულით ეწადა უმცროსი ძის გიორგის გამეფება, მაგრამ დავითმა დაასწრო და მამა ტახტიდან გადააყენა. ალექსანდრემ ბერის კაბა ჩაიცვა, მონასტერს წავიდა, მაგრამ იქიდანაც ახერხებდა გიორგის მხარდაჭერას.
ბოლოს უმცროსმა ძმამ უფროსს შეთქმულება მოუწყო, მაგრამ გასცეს. დავით მეფე სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს, უფლისწული გიორგი კი თორღვას ციხეში გამოკეტა. და მაშინ იყო, რომ ალექსანდრემ დასწყევლა დავითი.

და თითქოს მამის წყევლამ უწიაო, დიდხანს არ უმეფია დავითს, მოულოდნელად დასნეულდა და ტახტზე ასვლიდან ექვს თვეში გარდაიცვალა.
ბედნიერება არც დავითის მემკვიდრეებს ეღირსათ. მისი უმცროსი ძე უშვილძიროდ გადაეგო, უფროს თეიმურაზს კი ირანში დაეხოცა შაჰ აბასთან მძევლად მყოფი ორი ვაჟი.
მემკვიდრე არც როსტომ ხანისა და თეიმურაზის ჯარებს შორის გამართულ ბრძოლაში დაღუპულ დათუნა უფლისწულს დარჩენია...

ასე საკრალური გამოდგა ალექსანდრე კახთ მეფის წყევლა მისი ძისა და შთამომავლობისთვის. და თავად ალექსანდრესთვისაც. რადგან საკუთარმა ძემ კონსტანტინე-მირზამ გაიმეტა სასიკვდილოდ კახელ დიდებულებთან ერთად, როცა ძეგამის სასახლეში კრებად იჯდა...
ყველა ახალი ამბავი
0