არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების შეცვლას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან წინადადებით, შევიდეს კორექტივები წესებში ჟურნალისტების მოსაზრებების გათვალისწინებით.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მასმედიის წარმომადგენლების ქცევის წესების განმსაზღვრელ ბრძანებაში ზოგიერთი პუნქტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დაზუსტდეს, ხოლო ზოგი – საერთოდ ამოღებულ იქნას, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა.
ამის შესახებ ტუღუშმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილმა ამ დღეებში გამოსცა ბრძანება ჟურნალისტების აკრედიტაციისა და ქცევის წესების შესახებ ქვეყნის პარლამენტში.

„წესები, რომელიც გამოიცა ჟურნალისტებისთვის, პრობლემურია, რადგან იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემა, უხერხულობა შექმნას და ზოგიერთ შემთხვევაში ეს პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტს დაუჯდეს აკრედიტაციის დაკარგვადაც კი. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიცვალოს გარკვეული პუნქტები დოკუმენტში“, – განაცხადა ტუღუშმა.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ განვითარების დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, თავის მხრივ, დააზუსტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული წინადადებები ჟურნალისტებთან ერთად უნდა იყოს განხილული.
„წინადადება არის, რომ ჟურნალისტებთან ერთად, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ დაწესებულებაში, გადაიხედოს წესები და ისე იქნას მიღებული, რომ გამჭვირვალე იყოს თითოეული პუნქტი, არ ქმნიდეს რისკს ჟურნალისტების მუშაობისთვის. ეს არის ჩვენი წინადადება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტების ქცევის წესების თანახმად, მასმედიის წარმომადგენელმა ხელი არ უნდა შეუშალოს ღონისძიების მიმდინარეობას პარლამენტში, წინასწარი შეთანხმების გარეშე არ უნდა გადაუღოს ფოტო დეპუტატის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო კაბინეტს.
ინტერვიუს ჩაწერა უნდა შეწყვეტოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან საკანონმდებლო ორგანოს სტუმრის უარის შემთხვევაში.
დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ უნდა გადაიღოს მათი დოკუმენტები, ტელეფონის ეკრანი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა იმგვარად, რომ მასზე აღბეჭდილი ინფორმაცია აღქმადი იყოს.
დაუშვებელია პარლამენტში უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება პიროვნების მიმართ; საჭიროა სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურების მითითებების შესრულება. გარდა ამისა, ჟურნალისტმა აკრედიტაცია ხილულ ადგილზე უნდა ატაროს და არ გადასცეს სხვა პირს.
ახალი წესები მიმდინარე წლის 1 მარტს ამოქმედდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0