სააკაშვილის ამნისტირება არ მოხდება - „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პირობა დადო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ერთ კაცს მოერგოს.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამნისტიის შესახებ კანონს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.

„ამ თემაზე პარლამენტის მიერ ამნისტიის მიღება გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ცხრა ათასივე პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა თანაგრძნობას იწვევდეს, მაგრამ ჰუმანური მოსაზრებებით ცხრა ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, აღნიშნა კობახიძემ.
„პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0