ექიმების განმარტება: რა დაავადებებზე მიანიშნებს სხვადასხვა პროდუქტის სურვილი

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, ფარულად მიმდინარე დაავადებები, ხშირად გავლენას ახდენს მადასა და საკვების არჩევანზე. ამიტომ როცა რაიმე უჩვეულოთი წახემსების სურვილი ჩნდება, ეს, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს, აცხადებენ ექიმები.
გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ხშირად გარკვეული პროდუქტებისადმი გაზრდილი მოთხოვნილების მიზეზი ორგანიზმში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობაა, რა დროსაც ორგანიზმი ამ სახით ცდილობს გვამცნოს დეფიციტის შესახებ.
ექიმებმა რამდენიმე პროდუქტისადმი ლტოლვის მიზეზები ჩამოთვალეს, რომლებიც ასე გამოიყურება:

შოკოლადი ან ნებისმიერი სხვა ტკბილეული

თუ სადილისა თუ ვახშმის დასრულების შემდეგ დანაყრებას ვერ გრძნობთ და რაიმე ტკბილის დაყოლების სურვილი გიჩნდებათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა შესაძლოა ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების დისბალანსში იყოს. ამიტომ ორგანიზმი ცდილობს, ენერგია ტკბილეულით მიიღოს, თანაც დაჩქარებული წესით.

გარდა ამისა, ტკბილეულის სურვილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ნაწლავების ფუნქციონირების პრობლემა. მაგალითად, შაქრით მუდმივ მომარაგებას „ითხოვს“ რძიანას გამომწვევი, კანდიდას ტიპის სოკოები.

კიტრის მწნილი

როდესაც ადამიანს კიტრის მწნილისადმი დაუოკებელი მოთხოვნილება უჩნდება, რეკომენდებულია თირკმელების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება. ექიმების თქმით, მსგავსი მოთხოვნილება მაშინ ჩნდება, როცა თირკმლებთან ან შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებთან გვაქვს საქმე.

თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც:
ორგანიზმის დამცველი ძალების მკვეთრი დაქვეითება;
მეტაბოლიზმის გაძლიერება, რაც, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობით იყოს განპირობებული.

სანელებლები

თუ თქვენთვის ჩვეული საკვები მოულოდნელად უგემური გეჩვენებათ და უფრო მეტი სანელებლების გამოყენებას იწყებთ, ეს შეიძლება მეტაბოლიზმის დაქვეითებაზე მიუთითებდეს. სანელებლები კი ამ პროცესს აჩქარებს.
ამასთან, ასეთი მოთხოვნილება შესაძლოა ცხიმების ცვლის დარღვევაზეც მიანიშნებდეს.

გარდა ამისა, თუ ორგანიზმი გამუდმებით გთხოვთ ნიორს, ჯანჯაფილსა თუ სხვა „მშუშხავ“ პროდუქტებს, პრობლემა შესაძლოა იყოს ინფექცია, რასთან საბრძოლველადაც ორგანიზმს ფიტონციდები ესაჭიროება.

მზესუმზირა ან კაკალი

მათზე მოთხოვნა ყველაზე ხშირად მიუთითებს:
მზესუმზირის სურვილი გვამცნობს ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობას;
კაკალზე მუდმივი მოთხოვნა კი იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმს, ბანალურად, არ ჰყოფნის ენერგია ან კალორიები.

ნაყინი ან იოგურტი

ორგანიზმის ხშირი მოთხოვნა ამ პროდუქტებზე მიანიშნებს გულძმარვის, მჟავა რეფლუქსის არსებობაზე. ასეთი საკვები კი ამშვიდებს გაღიზიანებულ საყლაპავს.
ხშირად ნაყინისა და იოგურტის სურვილი კუჭში ანთებითი პროცესების დროს იღვიძებს, მაგალითად, ძლიერმოქმედი პრეპარატების ხანგრძლივი მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს სჭირდება რაიმე, რაც ლორწოვანას გარსად შემოეკვრება. ამისათვის კი იოგურტია იდეალური.
ყველა ახალი ამბავი
0