პროკურატურამ ბადრი ესებუას ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerგენერალური პროკურატურა
გენერალური პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
პროკურატურამ ბადრი ესებუას ბრალი დაკავებისას აღმოჩენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალისთვის წარუდგინა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის საქმეზე ძებნილი ბადრი ესებუა სპეცოპერაციის შედეგად 8 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ესებუას 2020 წელს ბრალი უკვე ჰქონდა წაყენებული ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის. რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როდის წარდგება სასამართლოს წინაშე ბადრი ესებუა >>
თუმცა, დაკავებულის ადვოკატის თქმით, ესებუა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, იმ დღეს ესებუა „საქართველოს ბანკში“ არ იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, ამ ეტაპზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0