საქმიანი საბჭო რუს მეწარმეებს ქართულ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
იანა ოსიპოვა
კვირის დასაწყისში მოსკოვში, „პროდექსპო-2023“ გამოფენის ფარგლებში რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს დამფუძნებელი სხდომა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო.
დამფუძნებელ სხდომას ესწრებოდნენ 12 ტერიტორიული სავაჭრო-სამრეწველო პალატის, 16 კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქედან ექვსი კომპანია ქართული იყო.
რუსეთის ტერიტორიული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმირ პადალკოს თქმით, რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს ამოქმედება ნიშანდობლივი მოვლენაა.

„რუსი მეწარმეებისგან ათობით განაცხადი მივიღეთ, რათა ქართულ მიმართულებაზე მუშაობაში დავხმარებოდით. რუსული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართულებით იზრდება ამგვარ მომართვებს ვერ უგულებელვყოფდით. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გააანალიზა ვითარება და რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს შექმნა გადაწყვიტა. ეს არის ის, რაც ახლა რუს მეწარმეს სჭირდება“, — აღნიშნა პადალკომ.

მისი თქმით, საბჭოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანები დგას.
„ეს არის რუსული კომპანიებისთვის დახმარების გაწევა ქართულ ბაზარზე გასასვლელად – შესაძლებლობების მოძიებაში, პარტნიორებთან და პროდუქციის მიმწოდებლებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებაში, საინვესტიციო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში, ასევე თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული ნიშების გამოვლენაში“, — აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საბჭოს და მის ხელმძღვანელობას.
როგორც Sputnik-ს რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განუცხადა, „საბჭოში არჩეული არიან ღირსეული ადამიანები, რომლებსაც რუსეთიც უყვართ და საქართველოც“.

„ისინი მზად არიან ხელი შეუწყონ მეწარმეებს. ინვესტორები, ექსპორტიორები და იმპორტიორები ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად მიმართავენ ქართულ ავტონომიას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში დახმარებისთვის. მოხარული ვართ, რომ ასეთი ამოცანების გადაჭრას სავაჭრო-სამრეწველო პალატაც შეუერთდა. ახლა ყველა საკითხი სხვა დონეზე გადაწყდება“, — აღნიშნა ცეცხლაძემ.

მისი თქმით, სხდომაზე განიხილეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე საქონლის სერტიფიცირების, ლოგისტიკისა და მუშაობის საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას. გარდა ამისა, იმსჯელეს სავიზო რეჟიმზეც.
„რუსეთში მოსახვედრად ქართველ მეწარმეებს დამატებითი სირთულეების გადალახვა უწევთ. საბჭოზე ეს ნიუანსებიც განიხილებოდა. გადაწყდა, რომ პრობლემები სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქმიანი საბჭოს ერთობლივი ძალისხმევითა და ხელშეწყობით გადაიჭრება“, — აღნიშნა დიასპორის ხელმძღვანელმა.
ცეცხლაძის აზრით, „ასეთი გუნდით საქმიანი საბჭო სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც წაადგება“.
ყველა ახალი ამბავი
0