ამოიცანით ავის მდომი: შურიანი ადამიანების ძირითადი ნიშან-თვისებები

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
გამორიცხული არ არის, ბევრი ჩვენგანის გარშემო იყვნენ ისეთები, ვისაც არა მხოლოდ სხვისი ჭირი უხარებს გულს, თავადაც არ აკლებს ძალისხმევას, ვინმეს რამე ავნოს.
არადა, ხშირად ბოროტი ადამიანები კარგად ინიღბებიან და მათი რეალური ზრახვების გაგება ფრიად საძნელო საქმე ხდება.
ჩვენ შევეცადეთ, ფსიქოლოგთა დაკვირვებებიდან რამდენიმე თავისებურებისთვის მოგვეყარა თავი, რომლებიც ავის მდომთა ამოცნობაში და შესაბამისად, უამრავი პრობლემისთვის თავის არიდებაში დაგეხმარებათ.
ეს ნიშან-თვისებები ასე გამოიყურება:
მათ საკუთარი რეალობა აქვთ. ისინი უარყოფენ ობიექტურ ფაქტებს და უკუაგდებენ წონად არგუმენტებს, არ ეთანხმებიან იმას, რაც სხვებისთვის ხილულია და თვალსაჩინო.
ისინი ამახინჯებენ ფაქტებს. სიმართლეს საკუთარ კრიტერიუმებს უსადაგებენ. იმდენად ოსტატურად ატრიალებენ ყველაფერს, რომ ბევრი იჯერებს მათ ვერსიას.
თუ მათთვის არახელსაყრელი სიმართლის დამახინჯებას ვერ ახერხებენ, უბრალოდ მალავენ მას — საკუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად. მათი აზრით, სიმართლის დამალვა სულაც არ არის დანაშაული, იმიტომ რომ ტყუილის თქმა არ უწევთ.
მათ თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ და ამისთვის განგებ ამახინჯებენ ფაქტებს თქვენთან საუბრისას. ამით თქვენს წარმოსახვაში მტრის სახებას აყალიბებენ და ვიღაცის საწინააღმდეგოდ განგაწყობენ. მათთვის ყველა ხერხი მისაღებია. არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან, ოღონდ თავად აღმოჩნდნენ მოგებულები.
ხშირად იტყუებიან და ფარისევლობენ - ან სასურველის მისაღწევად და ანაც ისე, უბრალოდ, სიამოვნების მისაღებად. მოსწონთ ადამიანების გაცუცურაკება და იმის ყურება, თუ რა მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანები მათ ტყუილებს.
დაუნდობლები არიან. სინდისისა და ღირსების გაღვიძებას მათში ამაოდ ეცდებით. არ აინტერესებთ სხვათა გრძნობები და ცხოვრება. მათთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი სარგებელია და არაფერი სხვა.
არ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არასდროს აღიარებენ ბრალს. ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ. მათთვის უცნობია სინანულის გრძნობა და არასდროს იხდიან ბოდიშს ჩადენილისთვის.
მანიპულაციის ოსტატები არიან. ადამიანებს ისე მართავენ, როგორც მარიონეტებს. ყველა შემდგომი მოქმედება ათი ნაბიჯით ადრე აქვთ გათვლილი. ის კი არა, იმაშიც კი დაგარწმუნებენ, რომ არაკომპეტენტური ხართ და იოლად დაგაჯახებენ სხვა ადამიანს.
გასაჭირში, რა თქმა უნდა, არ დაგეხმარებიან. იცოდეთ: მათი „სიკეთე“ და „თანაგრძნობა“ საბოლოოდ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბედნიერება დაგინგრიონ. ასეთი ადამიანები არ დაუშვებენ, რომ მათზე კარგად და ხალისიანად გრძნობდეთ თავს. ამიტომ აუცილებლად შეეცდებიან ჩაგიმწარონ ყველაზე ბედნიერი მომენტები ცხოვრებაში.
ათასი ნიღაბი აქვთ. სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვაგვარად იქცევიან. ნამდვილ სახეს არავის ანახებენ. მათი წარსულიც საიდუმლოებითაა მოცული და ნამდვილი რაობაც საიმედოდ აქვთ დაფარული გარშემომყოფთაგან.
კონტროლის მანიაკები არიან. იცოდეთ, რომ თუ ასეთი ადამიანი თქვენს წრეშიც ტრიალებს, აუცილებლად გამუდმებით იქნებით მისი კონტროლის ქვეშ. ცდილობენ, ხელიდან არ გაუშვან კონტროლის ძაფი და ტქვენი მართვის სადავეები. თუ მაინც მოხდა ასე, მათ მრისხანებას საზღვარი არ ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0