მიმოხილვა: ემბარგო რუსულ ნავთობპროდუქტებზე და საფასო ზღვარი ძალაში შედის — რას ნიშნავს ეს?

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
5 თებერვალს ძალაში შევიდა ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების გადაწყვეტილება რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
მასთან ერთად კვირას ასევე ამოქმედდება ევროკავშირის, G7-ისა და ავსტრალიის მიერ დამტკიცებული ზღვრული ფასი მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილ რუსულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე.

დაუმთავრებელი ემბარგო გამონაკლისებით

რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგო ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც ორი თვის განმავლობაში მუშაობს ანალოგიური მექანიზმი რუსეთიდან ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით, განაცხადა ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ფროლოვმა.
ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეიძენენ ნავთობგადამუშავების პროდუქტებს რუსეთიდან. თუმცა, როგორც ნავთობის ემბარგოს შემთხვევაში, აქაც არსებობს რამდენიმე გამონაკლისი.
ასე მაგალითად, ბულგარეთს 2024 წლის ბოლომდე შეეძლება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შეძენა, ხორვატიას კი რუსეთის ფედერაციისგან ვაკუუმური გაზნავთობის შეძენის უფლება ექნება 2023 წლის ბოლომდე, რაც აუცილებელია მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ფუნქციონირებისთვის.
„რადგან ნავთობპროდუქტების მიწოდება ძირითადად საზღვაო გზით ხდებოდა, აქვე უნდა აღინიშნოს მეორე პუნქტი, რომელიც ეხება ამ ტიპის სანქციებს“, - ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. - „ევროპული კომპანიების მიერ რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვის აკრძალვის პარალელურად, ძალაში შედის ევროპული კომპანიებისთვის მისი საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა. ისევე როგორც საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფაში მონაწილეობის აკრძალვა იმ ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ გზით ეხებიან ამ საკითხს. მაგალითად, შეუძლებელია რუსული ნავთობპროდუქტების გადამზიდი გემების დაზღვევა, დაფინანსების უზრუნველყოფა“.
ამასთან, ექსპერტის თქმით, არის გარკვეული გამონაკლისები მესამე ქვეყნების მიმართ ამ სანქციის გამოყენების სპეციფიკასთან დაკავშირებით.
„თუ რუსეთის ნავთობპროდუქტებმა დამატებითი გადამუშავება გაიარა მესამე ქვეყანაში, მაშინ ისინი აღარ განიხილება რუსულად“, — ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. — „წინასწარი რეგულაციების მიხედვით, რომელიც შესაძლოა მაინც შეიცვალოს, ნებისმიერი ნავთობპროდუქტი შეიძლება რეალურად დაექვემდებაროს ნავთობის გადამუშავების ნებისმიერ პროცესს, რის შემდეგაც ის აღარ ჩაითვლება რუსულად“.
ეს, მისი თქმით, საკმაოდ დიდ სივრცეს აჩენს მანევრებისთვის.

მორიგი ზღვარი

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასები დააწესეს.
მაგალითად, დიზელის საწვავისა და მაზუთის მაქსიმალური ფასი ბარელზე 100 დოლარით განისაზღვრება, ხოლო ფასდაკლებით ვაჭრობის პროდუქტებზე — 45 დოლარი ბარელზე.
ევროკავშირმა, ფაქტობრივად, თავისი ემბარგოთი უკვე აუკრძალა საკუთარ თავს რუსული ნავთობპროდუქტების ყიდვა, ხოლო კოლექტიური დასავლეთი რუსეთის შემოსავლების შემცირებას აპირებს მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ზღვრუი ფასით.
„იგულისხმება, რომ დასავლელი გადამზიდველები ვერ შეძლებენ რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასა და დაზღვევას მესამე ქვეყნებში, თუ ეს პროდუქტები რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიერ დაწესებულ ლიმიტზე მეტი ღირს“, - ამბობს ექსპერტი იგორ იუშკოვი. — „ანუ რუსული ნავთობპროდუქტების ტანკერზე ჩატვირთვისას ამ ტანკერის მფლობელმა უნდა აიღოს ცნობა, რა ღირს ეს ნავთობპროდუქტები. თუ ფასი ზღვარს აღემატება, მაშინ ევროკავშირი და G7 ქვეყნები კრძალავენ ტრანსპორტირებას სანქციების საფრთხით - ორთვიანი აკრძალვა ვინმესთან თანამშრომლობაზე“.
ფაქტობრივად, მისი გემი უმოქმედოდ იდგება, ამბობს ექსპერტი. შესაბამისად, ეს სანქცია გავლენას რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ეტაპზე მოახდენს.
როგორც ალექსანდრ ფროლოვი აღნიშნავს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების სისტემა, ფაქტობრივად, ლეგალური საშვია უკან, საზღვაო გადაზიდვების ეკოსისტემაში.
მისი თქმით, შესაძლებელია რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება, მაგრამ არა ზღვრული ღირებულების, არამედ ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების გამო.

საწვავის დეფიციტი, წარმოების შემცირება და სხვა შესაძლო შედეგები

ევროპა იყო ნავთობპროდუქტების გასაღების მნიშვნელოვანი ბაზარი რუსეთისთვის, აღნიშნავს ექსპერტი სტანისლავ მიტრახოვიჩი. პიკზე რეგიონს დღეში 0,8-1 მილიონი ბარელი სხვადასხვა ნავთობპროდუქტი მიეწოდებოდა, რომლის ნახევარზე მეტი დიზელის საწვავი იყო.
„ერთი მხრივ, საჭირო იქნება მიწოდებების გადამისამართება, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა საჭირო გახდეს ნავთობის მოპოვების ნაწილობრივი შემცირება, რადგან ისეთი რაოდენობის ნავთობპროდუქტების გაყიდვა, როგორც ადრე იყიდებოდა უცხოურ ბაზრებზე, გაძნელდება“, — მიიჩნევს ექსპერტი.
მისი თქმით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე „მოწყობა“უფრო რთულია, ვიდრე ნედლი ნავთობისა, რადგან იმპორტიორ ქვეყნებს, როგორც წესი, საკუთარი ნავთობგადამუშავების სიმძლავრეები აქვთ და დაინტერესებულნი არიან, სწორედ ნედლი ნავთობი შეიძინონ და საკუთარ ქარხნებში გადაამუშავონ.
„ამ თვალსაზრისით, რუსეთისთვის უფრო რთული იქნება ნავთობპროდუქტების გაყიდვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი შესაძლებლობები არსებობს. გვაქვს ინფორმაცია თურქეთში, მაროკოში და სხვა ქვეყნებში რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის შესახებ“, - ამბობს ექსპერტი.
როგორც ფროლოვი განმარტავს, წინა წლებში ევროპაზე რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდების 65%-მდე მოდიოდა. და ახლა ამ რეგიონში მიწოდებების აკრძალვის გამო, რუსეთმა ფაქტობრივად ნავთობპროდუქტების ნახევარზე მეტი უნდა გადაიტანოს სხვა ბაზრებზე.
თუ რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირება მოხდება, ეს იქნება 5-7% დონეზე, ამბობს სტანისლავ მიტრახოვიჩი.
ემბარგოს შემოღებისა და ფასების ზღვრის ერთ-ერთ მთავარ შედეგად იგორ იუშკოვი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის რუსეთისთვის ხელმისაწვდომი ტანკერების რაოდენობის შემცირებას განიხილავს.
იგორ იუშკოვის თქმით, მსოფლიო ფლოტში ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტანკერები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნავთობის გადამზიდავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტანკერების ისედაც შედარებით მცირე რაოდენობიდან რუსეთისთვის კიდევ უფრო ნაკლები იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების საექსპორტო ფლოტს ჩამოსაყალიბებლად, სავარაუდოდ, უფრო მეტი დრო დასჭირდება.
„ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს თვეებში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი შემცირდეს. მაგრამ ამით ჩვენ უბრალოდ შევამცირებთ გადამუშავებას და მეტ ნედლ ნავთობს გავიტანთ ექსპორტზე. ანუ, ამ მხრივ, ეს იქნება არა უბრალოდ წარმოების შემცირება, არამედ უფრო გადამუშავების შემცირება ნავთობპროდუქტების ექსპორტის შემცირების მიზნით“, — ამტკიცებს იგორ იუშკოვი.
მისი თქმით, გარდამავალ პერიოდს შეიძლება ექვს თვემდე დასჭირდეს - სანამ რუსეთი საკმარის რაოდენობის ტანკერებს არ მოიძიებს თავისი ნავთობპროდუქტების აზიურ და სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე გასატანად და არ გააფორმებს კონტრაქტებს.
„ამ პერიოდში რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასდაკლება გაგრძელდება. წლის პირველი ნახევარი ცვლილებების თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული და დინამიური იქნება“, - ამბობს იგორ იუშკოვი.
ნავთობისა და გაზის სექტორის დამოუკიდებელი ანალიტიკური სააგენტოს გენერალური დირექტორის, თამარა საფონოვას თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მეგობარ ქვეყნებში ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაცია დეკემბრის დასაწყისში ზღვრული ფასების შემოღების შემდეგ წარმატებული იყო.
„აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობპროდუქტები მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე, და ნავთობპროდუქტების ევროპაში შესყიდვების ტრანსფორმაცია ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ქუვეითიდან რუსული ნავთობპროდუქტების შეძენის აუცილებლობას გამოიწვევს ექსპორტიორი ქვეყნების მიერ შიდა ბაზრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - მიიჩნევს ექსპერტი. — „ამავდროულად, თუ რუსეთი შეზღუდავს ნავთობის საექსპორტო ტვირთის ნაკადებს, მაშინ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების წარმოება შემცირდება და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები დაინტერესდებიან რუსული ნავთობპროდუქტების შეძენით“.
დასავლეთის ქვეყნებისთვის, იგორ იუშკოვის თქმით, შეზღუდვების შედეგები არცთუ ისე კარგი იქნება, რადგან ევროპაში შეიძლება ნავთობპროდუქტების დეფიციტი და, შესაბამისად, მათზე ფასების ზრდა დაფიქსირდეს.
ალექსანდრ ფროლოვის თქმით, რუსეთი დიზელის საწვავზე ევროკავშირის მოთხოვნის დაახლოებით 10%-ს „ხურავს“. „ცხადია, მათთვის რთული იქნება რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებების ჩანაცვლება“, - ამბობს ის.

როგორ შეძლებს რუსეთი ზარალის მინიმუმამდე შემცირებას?

სტანისლავ მიტრახოვიჩი ვარაუდობს, რომ ევროპა თვალს დახუჭავს ნავთობპროდუქტებზე საკუთარი სანქციების განხორციელებაზე. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს თვეებში, სანამ გარდამავალი პერიოდი იქნება, რადგან ევროკავშირს საკმაოდ გაუჭირდება ნავთობპროდუქტების შემცვლელის პოვნა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმა თვალი დახუჭოს რაიმე სახის სვოპურ ან გაცვლით ტრანზაქციებზე, როცა, მაგალითად, რუსული დიზელი რომელიმე ქვეყნამდე მივა, გაწერილს პორტს ნომინალურად შეცვლიან და შემდეგ ევროპაში გაიტაენს. ან თუ სვოპი სადმე ზღვაში მოხდა — მაგალითად, რუსული დიზელი ვინმეს გადაეცა, ფორმალურად ის რუსული აღარ იქნება და როგორღაც მიაღწევს ევროპამდე. ასევე იქნება რეალური რეექსპორტიც სხვა ქვეყნებიდან“, - ამბობს სტანისლავ მიტრახოვიჩი.
ბაზრები, სადაც რუსეთს შეუძლია ნავთობპროდუქტების გადამისამართება, შეიძლება იყოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთი), მიიჩნევს ალექსანდრ ფროლოვი.
ასევე, რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდის პოტენციალი, ექსპერტის აზრით, გააჩნიათ მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით ოპერაციებში - ანუ რუსეთს შეუძლია დიზელის საწვავი მიჰყიდოს, მაგალითად, ყაზახეთს, რომელსაც შეუძლია საკუთარი დიზელის საწვავის ნაწილი მოხსნას შიდა ბაზრიდან და გაგზავნოს ევროკავშირში.
გაყიდვების ბაზრების ტრანსფორმაციის პერსპექტივებს იგორ იუშკოვიც ეთანხმება. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია თავისი ნავთობპროდუქტების გაგზავნა აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც შიდა ბაზრებზე გავა, ხოლო ის ყველაფერი, რასაც რუსული ნავთობიდან გადაამუშავებენ, შიდა მოხმარების ნაცვლად, უცხოურ ბაზრებზე გაიგზავნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0