საეკლესიო კალენდარი: 5 თებერვალი

© courtesy of Kakhaber Sukhitashviliმაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია
მაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 5 თებერვალს მღვდელმოწამე კლიმენტის და მოწამე აღათანგელოსის, ღირსი მაქსიმე ასურის, ღირსი სალამან მდუმარის და პავლინე მოწყალის, ნოლანელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველოს გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი
მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს.
კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. მან დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე, მღვდელმთავრის მოწაფე აღათანგელოსი ამოვიდა - მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.
იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.
განთავისუფლებული წმიდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი.
მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმიდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაანთავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.
მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოკვეთეს (+დაახლ. 312).
ღირსი მაქსიმე ასურელი
ღირსი მაქსიმე ასური (IV) სირიაში ცხოვრობდა. მან ნებსით იტვირთა უპოვარება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმიდა მამის ქოხის კარები მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა.
ღირსი სალამან მდუმარე
ღირსი სალამან მდუმარე არის პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა დაიმარხა. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში, როცა კაპერსანის ეპისკოპოსმა წმიდანის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა, მან პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მიუგო. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახ. 400)
წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი
წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, 20 წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ - კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა.
25 წლის იყო პავლიანე, როცა მეუღლესთან ერთად ქრისტიანობაზე მოექცა. ამის შემდეგ მან სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა, რითაც მეგობრებისა და მსახურების კიცხვა და სიძულვილი დაიმსახურა.
უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლიანემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გაემართა, სადაც ეპისკოპოსად იქნა არჩეული.
ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას და მისი მრავალი მცხოვრები აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლიანე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. მალე საიდუმლო გამჟღავნდა და წმიდა მღვდელმთავარი გაანთავისუფლეს. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.
მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლიანე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, 78 წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0