თალაკვაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პასუხია რუსეთის ინიციატივაზე

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში აკრძალა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის ინიციატივასა და განცხადებაზე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის გამო. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან, შესაძლოა სანქციებს დაექვემდებარონ. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის ინიციატივასა და რუსეთის განცხადებაზე. რაც ჩვენ გვეხება, ჩვენთან მიმართებით აშშ-ის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
„საქართველომ ამაზე პოზიცია დააფიქსირა. ეს არ არის არც საქართველოს გადაწყვეტილება და არც ის, რაც საქართველომ მოითხოვა. რუსეთს ცალმხრივად შეზღუდული და დაბლოკილი ჰქონდა ფრენები და განცხადება ისევ რუსეთმა გააკეთა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0