მარატ კასემი: მთელი ჩემი ცხოვრება შემთხვევათა რიგია

© courtesy of Marat Kasemმარატ კასემი
მარატ კასემი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
ერთი თვის წინ „Sputnik-ლიეტუვის“ მთავარი რედაქტორი მარატ კასემი ლატვიის სპეცსამსახურებმა დააკავეს. მას ბრალი დასდეს ევროკავშირის სანქციების დარღვევაში და რიგის ციხეში ჩასვეს.
„როსია სეგოდნიას“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მარატის მიერ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებას და სააგენტო მის გათავისუფლებას ყველა ხელმისაწვდომი არხით შეეცდება.
სააგენტო მკითხველს სთავაზობს მარატ კასემის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა „როსია სეგოდნიას“ რამდენიმე თვის წინ მისცა.

მოსკოვი ჩემს ცხოვრებაში დაბადებამდე ცხრა თვით ადრე გაჩნდა

მთელი ჩემი ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვია. შეიძლება ითქვას, შემთხვევით დავიბადე. ეს ჩემი მშობლების რომანტიკული ისტორიაა.
მამა არის არაბი იემენიდან. ის მეზღვაურია და 80-იანების ბოლოს ცხრა თვე მსახურობდა გაცვლითი პროგრამით საბჭოთა რიგაში, სამხედრო ბაზაზე. ერთხელ ცეკვებზე გაიცნო დედაჩემი და ურთიერთობაც გააბეს.
როდესაც მისი გამგზავრების დრო მოვიდა, დედა მოსკოვში გადაფრინდა მის გასაცილებლად, რადგან რიგიდან სანაში, იემენის დედაქალაქში რეისები არ სრულდებოდა. ვიდრე რეისს ელოდებოდნენ, მეტრო „ორეხოვოს“ მახლობლად, სასტუმროში ჩავისახე.
ჩემი დაბადების შემდეგ დედა მამას ამ მოვლენაზე წერილებს სწერდა. მაგრამ იემენში ომი იყო, მამა, როგორც სამხედრო პირი, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მისი სოფელი კი დაწვეს. ამიტომ მას ვერაფრით დავუკავშირდით. ერთხელ მოულოდნელად დარეკა და ასე გაიგო, რომ შვილი ჰყავდა. და კავშირიც გაწყდა...
ათი წლის შემდეგ მამის სოფელი აღადგინეს და რაღაც დოკუმენტების წამოსაღებად ჩავიდა. მეჩეთში (პატარა სოფლებში ის ერთდროულად არის საპასპორტო მაგიდაც, ადმინისტრაციაც და ფოსტაც) გადასცეს ლატვიიდან გაგზავნილი წერილების დასტა. წერილებში ტელეფონიც ეწერა და მან დარეკა.
ყურმილი ავიღე და დამტვრეული რუსულით გავიგონე: „მე მამაშენი ვარ, გამარჯობა! ყურმილი დედას მიაწოდე, ძალიან მინდა დაველაპარაკო და ყველაფერი ავუხსნა“. ვუპასუხე: „ეს შეუძლებელია, ის გარდაიცვალა“. დაახლოებით ათი წუთი ტიროდა ყურმილში.
დედა უკურნებელი სენით გარდაიცვალა, როდესაც 11 წლის ვიყავი. ის ტრიკოტაჟის კომბინატში მუშაობდა. დაზგები, 12-საათიანი ცვლა - ორგანიზმმაც ვერ გაუძლო... კარგი განათლება ჰქონდა: რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. მაგრამ დაიშალა საბჭოთა კავშირი, მან მოქალაქეობის არმქონეს პასპორტი აიღო, კარგად არ იცოდა ლატვიური ენა, ამიტომ იძულებული გახდა ტრიკოტაჟის ფაბრიკაში წასულიყო სამუშაოდ.

სახელის მნიშვნელობა

ვიდრე დავიბადებოდი, ნათესავები ფიქრობდნენ, რა დაერქმიათ ჩემთვის. ჯერ პაპის - კოლტაკოვის გვარზე უნდოდათ ჩემი ჩაწერა, სახელად კი ევდოკიმის დარქმევა. შემომხედეთ: რანაირი ევდოკიმ კოლტაკოვი ვარ?!
თუმცა ბოლოს მარატი დამარქვეს. იცით რატომ? ჩემი ბებია ნამდვილი კომუნისტი იყო. მას მოსწონდა რევოლუციონერები, მოსწონდა ჟან-პოლ მარატი. და დაიჟინა, ჩემთვის მარატი დაერქმიათ.
19 წლამდე სილკინი ვიყავი. ეს დედაჩემის პირველი ქმრის გვარია. სკოლა დავამთავრე, როგორც სილკინს მარატსმა – ასე მიცნობს ბევრი ლატვიაში. მას შემდეგ, რაც მამამ ოფიციალურად მაღიარა შვილად, კასემი გავხდი. ვაღიარებ, ამ გვარზე ვოცნებობდი. პასპორტშიც, როდესაც ჯერ კიდევ სილკინი ვიყავი, ხელი მოვაწერე, როგორც კასიმმა. დიახ, ხულიგნობაა. მაგრამ ეს ერთგვარი პროტესტი იყო.
სხვათა შორის, ახლა გვარს რუსული წესით ვწერ, ბალტიისპირული „ს“-ს გარეშე და სავსებით ოფიციალურად. როდესაც პირველი რუსული ვიზა ავიღე, განცხადებაში დავწერე: „გთხოვთ, ჩემი სახელი მიუთითოთ „ს“ ასოს გარეშე, რადგან თავს რუსად მივიჩნევ“. ამის გაკეთების ნება მომცეს.

მშობლები ერთად არასდროს მინახავს

მამას პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც 16 წლის ვიყავი. მან სტუმრად დამპატიჟა, მაგრამ არა იემენში (იქ ისევ ომი იყო), არამედ დუბაიში. ამ მოგზაურობაში რიგიდან სრულიად მარტო გავემგზავრე. იქ რამდენიმე დღე ველოდი მამას, რომელიც გემზე მომხდარი საგანგებო შემთხვევის გამო ნაპირზე ვერ ახერხებდა გამოსვლას. მესამე დღეს ჩამოვიდა.
ეს მომენტი კარგად მახსოვს. კაკუნი კარზე, ჭუჭრუტანაში გავიხედე – მამაჩემი დგას. უცებ ავღელდი, რადგან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. დიახ, ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა შენს შექმნაში, მაგრამ შენ მას საერთოდ არ იცნობ, არასდროს გინახავს. ფოტოები იყო, მაგრამ მას ქვეცნობიერადაც ვერ ვგრძნობდი.
კარი გავაღე და ერთმანეთს გადავეხვიეთ. მამა ტიროდა, მე კი შოკში ვიყავი. როდესაც შოკში ვარ, არასდროს ვტირი და ემოციებს ვერ გამოვხატავ. რაც არ უნდა იყოს, ლატვიაში გავიზარდე.
ერთმანეთს გავესაუბრეთ, მაშინვე მითხრა, რომ უნდოდა უფრო მეტად ჩემი მეგობარი გამხდარიყო, ვიდრე მამა. მართლაც მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.
გრძელი გზა პროფესიისკენ: პოლიტოლოგი, ნავსადგურის დისპეტჩერი და სოფლის ეკონომისტი.
2009 წელს მამა ლატვიაში ჩამოვიდა. ამ მოვლენამ ძლიერ იმოქმედა ჩემს ცხოვრებაზე. ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიურად...
სკოლის შემდეგ ლატვიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როდესაც პირველი კურსი დავამთავრე, რიგაში მამა ჩამოვიდა. ნოსტალგია მოაწვა და მოისურვა თავისი ძველი სამსახური მოენახულებინა. იქ კი უკვე იყო არა სამხედრო ბაზა, არამედ საზღვაო აკადემია. მამამ იქ სწავლა მირჩია: „პოლიტოლოგია – კაცისთვის შესაფერისი პროფესია არ არის“.
დავთანხმდი, მამა კი, თავის მხრივ, დათანხმდა ჩემი სწავლის დაფინანსებას.
ნახევარი წელიწადი ვსწავლობდი საზღვაო დისციპლინას ლატვიურ ენაზე. მაგრამ მეორე სემესტრის ფული მამას აღარ გადაუხდია, ზარებს არ პასუხობდა. ბებიას და ბაბუას ასეთი ფული არ ჰქონდათ. ვეცადე, თავად გამომემუშავებინა, მაგრამ თანხა დიდი იყო. ასე დაესვა წერტილი აკადემიას.
იძულებული გავხდი, სწავლა გამეგრძელებინა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მაშინვე მიმიღეს, სტიპენდია დამინიშნეს – 150 დოლარი. ისევ პირველ კურსზე დავიწყე სწავლა.
იქ ყველა თანასწორი იყო, უბრალო, სოფლელი ბიჭები, არ იყო იმდენი პათოსი, რამდენიც ლატვიის უნივერსიტეტში, და იმდენი სიმკაცრე, რამდენიც საზღვაო აკადემიაში, თუმცა იყო საკმაოდ მოსაწყენი.
რაღაც მომენტში მივხვდი, რომ არ მინდოდა მთელი ცხოვრება ამ სფეროში მემუშავა. წამოსვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, ერთი წელი ვიმუშავებდი, შემდეგ კი დრო მიჩვენებდა.

მეოთხე პირველი კურსი

იმავე წლის ზაფხულში ბებიამ გაზეთში წაიკითხა განცხადება აბიტურიენტების მიღების შესახებ რუსეთში „ლატვიის რუსული საზოგადოების“ ხაზით და მონაწილეობის მიღება შემომთავაზა. ერთი დღეღა იყო დარჩენილი, როდესაც რიგაში რუსეთის საელჩოში წავედი. აღმოჩნდა, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო, როგორც მეგონა. საჭირო იყო რუსულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უამრავი დოკუმენტის მიტანა. ყველაფერი ერთ დღეში უნდა მომესწრო!
მაგრამ ჯიუტი ვარ. როგორღაც ყველაფრის შეგროვება მოვასწარი.
აგვისტოში საელჩოდან დამირეკეს და პოლიტიკური ანალიზისა და მართვის კათედრაზე ჩარიცხვა მომილოცეს. წრე შეიკრა. 21 წლისა მეოთხედ მოვხვდი პირველ კურსზე.
პირველი სემესტრი კარგად დავამთავრე. იანვრის სესიის შემდეგ ბებია გარდამეცვალა... მამა შორს იყო. მთელი ცხრა წელი, ვიდრე ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და ასპირანტურაში ვსწავლობდი, საკუთარ თავს თავად ვინახავდი. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი.

ომი და თარჯიმანი რეციდივისტებისთვის

2013 წელს სირიაში ჰუმანიტარული მისიით მოხალისედ გამგზავრება შემომთავაზეს. დავთანხმდი. საშიში არ ყოფილა, აფეთქებები იყო, დიახ...
რამდენიმე წელი სწავლის პარალელურად თარჯიმნების ბიუროში ვმუშაობდი. კანონით ვალდებული იყვნენ ლატვიის მოქალაქეებისთვის თარჯიმანი გამოეყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განაჩენის გასაჩივრება შეეძლოთ.
მრავალფეროვანი პუბლიკა იყო: მანიაკები, მოძალადეები, ნარკოკურიერები... მუქარებიც მომსვლია: „გამოვალ და გაჩვენებ სეირს“ და ა.შ. ზოგჯერ ჟარგონზე ვსაუბრობდით. არის თუ არა ლატვიურში არანორმატიული ლექსიკა? ძირითადად, არა. ისინი კლასიკურ რუსულ ჟარგონს იყენებენ.
ამ კონტინგენტთან ურთიერთობა მიჭირდა. ფსიქოლოგიურად მუდმივ სტრესს განვიცდიდი, რადგან, მიუხედავად ჩრდილოური ხასიათისა, მაინც ემოციური ადამიანი ვარ. ამიტომ ძალიან მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ფული მჭირდებოდა. და, აი, ახალი შემთხვევითობა...

სწრაფი რეაგირების დადებითი მხარე

ვსწავლობ მაგისტრატურაში და საშობაო არდადეგები მაქვს. ბერლინში ინდოელ მეგობრებთან ერთად ქაბაბს მივირთმევ. ვათვალიერებ სოციალურ ქსელებს და წავაწყდი ჯგუფს „ლატვიელები მოსკოვში“. და უცებ განცხადება: „გვესაჭიროება ლატვიური ენის მცოდნე პირი მოსკოვის მულტიმედიურ პროექტში“. ვფიქრობ: საინტერესოა, რისთვის სჭირდებათ ლატვიურის მცოდნე მოსკოვში?
საღამოს მივწერე და პასუხიც მივიღე – მობრძანდით ზეგ გასაუბრებაზე. ვპასუხობ, რომ ვერ შევძლებ, რადგან ბერლინში ვიმყოფები. მეუბნებიან, თუ ზეგ არ მივალ, შემიძლია საერთოდ აღარ მივიდე. ბევრი არ მიფიქრია და მოსკოვში გავემგზავრე.
გასაუბრებაზე მოვუყევი, რომ ოდესღაც რიგაში ჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული: ვმუშაობდი წამყვანად რადიო „პიკში“, ვწერდი ტექსტებს ლატვიური გამოცემებისთვის. ეს უფრო ჩემი ჰობი იყო. პროდიუსერის პოზიციაზე მიმიღეს. ერთ თვეში კი წამყვანი გავხდი. უბრალოდ ფორსმაჟორი მოხდა და საჭირო იყო სასწრაფოდ ვინმეს ეთერში გაყვანა.
ხუთი წლის წინ კი „Sputnik-ლიეტუვის“ ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. მაგრამ ეთერში მუშაობას ვაგრძელებ, რისთვისაც ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ.

საეთერო ემოციები

ნებისმიერ ეთერში მუშაობა – ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რომელიც ოდესმე განმიცდია. ფანტასტიკური განცდაა, ნირვანა, რომლისთვისაც მზად ხარ, ყველაფერი გაიღო.
მაგრამ ნებისმიერი სიამოვნებისთვის საჭიროა გადახდა. როდესაც ეთერს ასრულებ, გამოწურული ლიმონივით ხარ. ძალიან დაძაბული ხარ, რადგან უნდა გრძნობდე თანამოსაუბრეს. და ეს ძლიერი ემოციური კავშირი სასიცოცხლო რესურსებს ითხოვს.
***
— მარატ, თქვენზე მეტის გაგება გვინდა. ამიტომ დავუბრუნდეთ „კითხვა-პასუხის“ ფორმატს. თქვენს ძარღვებში არაბული, რუსული და ებრაული სისხლი ჩქეფს. რომელ ერთან აიგივებთ თავს?
— ძალიან კარგი კითხვაა... ალბათ მსოფლიო მოქალაქე ვარ. კოსმოპოლიტიზმზე არ ვსაუბრობ, ეს ჩემი პირადი განცდაა.
ჩემი სამშობლო ლატვიაა, ასი პროცენტით. იქ დავიბადე. მაგრამ არსებობს სიტყვა „მამული“. ჩემი მამული - რუსეთია. მან ბევრი რამ მომცა, აქ შევხვდი საუკეთესო მეგობრებს. აქ განვიცადე ნათელი რომანტიკული გრძნობები. აქ არის საყვარელი სამსახური, ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
თუ ეროვნებაზე ვილაპარაკებთ - ლატვიელი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დავიბადე. შეგრძნებების მიხედვით გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ რუსი ვარ, თუმცა სიზმრებს რუსულად ვხედავ. თავს ვერც არაბად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის ნახევარი არაბულია. იმ კულტურაში არ გავზრდილვარ, მათი ენა არ ვიცი, სხვა აღმსარებლობისა ვარ.
არ ვიცი, ამ კითხვას როგორ ვუპასუხო. შეიძლება სიცოცხლის ბოლოს მქონდეს პასუხი.
— მართლმადიდებელი ხართ?
— დიახ, 1994 წელს მომნათლეს მონასტერში.
— თქვენს ასაკში ბევრს მიაღწიეთ. ორგანიზებულობა და მიზანსწრაფვა არის თქვენს ცხოვრებაში?
— არა, ზარმაცი ვარ. მიზანი არ მაქვს, მხოლოდ – ოცნებები. ისინი არასდროს იყო დაკავშირებული მატერიალურ საკითხებთან. მაგალითად, მინდა მთელი ქვეყანა ოთხშაბათობით დილის რვა საათზე დგებოდეს და ჩვენს პროგრამებს უსმენდეს. მინდა „Sputnik-ლიეტუვას“ ყოველდღე კითხულობდეს ლიეტუვის მოსახლეობის 90 პროცენტი. ასეთი ოცნებები მაქვს, საკუთარი პროდუქტის წარმატებაზე ვოცნებობ.
ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში ბიფურკაციის წერტილები ჩნდება, მუშაობის დადგენილი რეჟიმის ცვლილების წერტილები, რომელთა შემდეგ უცნობია, რა მიმართულებით წარიმართება ჩემი ცხოვრება.
— პოლიტოლოგიაზე ორჯერ ჩააბარეთ. ეს შემთხვევითი არჩევანი იყო თუ გააზრებული?
— ორივეჯერ გააზრებული იყო. ბებია და ბაბუა მზრდიდნენ, დილიდან საღამომდე ტელევიზორში ახალი ამბები იყო ჩართული. ყველა ბავშვი მულტფილმს უყურებდა, მე კი – ახალ ამბებს.
— ბავშვობაში ვინ გინდოდათ გამოსულიყავით?
— მოკლედ გიპასუხებთ: რიგა-სალასპილსის ნომერი 6317 ავტობუსის მძღოლი. ამ ავტობუსს პატარა სოფელ სალასპილსიდან ხალხი სამუშაოდ დედაქალაქში მიჰყავს. შემდეგ კი ისინი, დაღლილები, სახლებში ბრუნდებიან. მაგრამ მართვის მოწმობა დღემდე არ მაქვს, ამიტომ ავტობუსთან არ მიმიშვებენ. ამიტომ ჟურნალისტად მუშაობა მიწევს.

ორი მეტოქე — მუსიკა და პოლიტოლოგია

— პოლიტოლოგს გარკვეული უნარები სჭირდება. მაგალითად, მახსოვრობის უნარი. ამიტომ ძალიან დამეხმარა მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოს განხრით მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული. მუსიკალურ კარიერასაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მუსიკას პოლიტოლოგიასთან ვუღალატე.
— უკრავთ? სახლში ინსტრუმენტი გაქვთ?
— ლატვიაში პიანინო მიდგას, როდესაც ჩავდივარ, ვუკრავ. მოსკოვში ძალიან იშვიათად ვუკრავ. მაგალითად, დიდ სავაჭრო ცენტრებში მეგობრების თხოვნით, როდესაც საყიდლებზე მივდივართ. ძირითადად კლასიკურ ნაწარმოებებს ვასრულებ. ძალიან მომწონს სიმფონიური ორკესტრები, შემიძლია საათობით ვუსმინო.
— წიგნებს კითხულობთ?
— პერიოდულად. მიყვარს ისტორიული ლიტერატურა, ავტობიოგრაფია, მემუარები. ოღონდ მხოლოდ დაბეჭდილი წიგნი.
თქვენს ცხოვრებაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლასტი — ფეხბურთი. არა მხოლოდ „ლოკომოტივის“ აქტიური გულშემატკივარ ხართ, არამედ მოსკოვში თქვენი თანამემამულეების გუნდის მწვრთნელიც.
— ბავშვობაში ფეხბურთი მეორე სატელევიზიო ჟანრი იყო, პოლიტიკის გარდა, რომელსაც ოთხი წლის ასაკიდან ვუყურებდი. მაგრამ ფეხბურთის თამაშს მიშლიდნენ: „თითები... ღმერთმა ნუ ქნას, დაგიზიანდეს, ეს არ შეიძლება, აკრძალულია“. მხოლოდ ეზოში ვთამაშობდი ბავშვებთან. როდესაც მუსიკალური სკოლა დავამთავრე, ეს უკვე ჩემი დიდი ჰობი გახდა.
ოდესღაც ლატვიაში С კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია ავიღე, რომელმაც 14 წლამდე ბავშვების გაწვრთნის საშუალება მომცა.
მოსკოვში შევკრიბე ლატვიელი სტუდენტები და ჩამოვაყალიბეთ გუნდი „ტურაიდა“, რომელიც რვა წელი თამაშობდა სამოყვარულო საფეხბურთო ლიგაში. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროფესიონალი მსაჯი ვარ.

სიყვარულსა და ოჯახზე

— ნახევარდები და ძმები თუ გყავთ?
— მამას 13 შვილი ჰყავს. მე პირველი ვარ, ჩემ გარდა კიდევ 12. როდესაც ოჯახზე მეკითხებით, მინდა გიპასუხოთ: ოჯახი არ მყავს. მაგრამ ახლა დროის უდიდეს ნაწილს სააგენტოში ვატარებ და ვინ უფრო ახლობელია ჩემთვის? ფაქტობრივად ეს არის ჩემი ოჯახი. სხვა არ მყავს. ყოველთვის აქ მინდა დაბრუნება. როდესაც ლატვიაში, სახლში მივემგზავრები, მაშინვე დაბრუნება მინდება, აქაურობა მენატრება.
— მხიარული და მომხიბვლელი ადამიანი ხართ. შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ. ეს პროფესიაში თუ გეხმარებათ?
— მეხმარება, რადგან იუმორი – სწრაფი და სხარტი აზროვნებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს. ეთერში იუმორით სერიოზული სიტუაციების გაზავებაც საჭიროა, რათა პუბლიკამ ის უკეთ გაიგოს.
იუმორის გრძნობა ალბათ მემკვიდრეობით მერგო, ბაბუაც ასეთი იყო.
— პენსიაზე გასვლისას რას გააკეთებდით?
— საიდუმლოს გაგიმხელთ: უკვე პენსიაზე ვარ. ლატვიური კანონებით, 16 წლიდან ვიღებ პენსიას, როგორც მარჩენალდაკარგული. ამიტომ მომუშავე პენსიონერი ვარ. მაგრამ ლატვიაში პენსია მცირეა, მხოლოდ პენსიით ვერ იცხოვრებ. ამიტომ იძულებული ვარ ვიმუშავო (იღიმის).
ცხოვრების ბოლო წლებს ლატვიაში გავატარებდი. პენსიონრებისთვის მშვენიერი ქვეყანაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფული აქვს. იქ არ არის ისეთი ახალგაზრდული ენერგია, როგორიც მოსკოვში. რას გავაკეთებ? ხომ გახსოვთ - ნომერი 6317 ავტობუსის ტარება! უბრალოდ იმ დროისთვის მართვის მოწმობის აღება უნდა მოვასწრო.
ყველა ახალი ამბავი
0