ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი - ევროკომისიის შენობა
ბრიუსელი - ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, რომელიც ეხება საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების დონეს.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
რა წერია ანგარიშში
დოკუმენტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.
მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად.
„ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით, ტერორიზმთან ბრძოლისა და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით, უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
ამასთან ერთად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ კიდევ უფრო უნდა შეუსაბამოს თავისი საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას კონტრაქტორების ჩართვით კომუნალურ სექტორებში და შემდგომში შეუსაბამოს თავისი კანონმდებლობა კონცესიების დირექტივასთან თავდაცვის, უსაფრთხოების სექტორებში შესყიდვების დროს.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სტატისტიკის მხრივ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. უმეტესწილად არსებობს ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები საჭირო სტატისტიკური მონაცემების მოსამზადებლად, სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, რათა სისტემა დაახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებთან.
„რაც შეეხება ადმინისტრაციულ პოტენციალს, შემაშფოთებელია რესურსები. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს „საქსტატს“ ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა, ხოლო ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში დასაქმებულ მოხელეთა ხელფასებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, შედარებით შეზღუდულია სტატისტიკის სამსახურის ფინანსური და IT რესურსები.
საქართველოს ფინანსური კონტროლის კუთხითაც მომზადების „გარკვეული დონე“ აქვს.
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონი ადეკვატური საფუძველია საჯარო შიდა ფინანსური კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის.
„თუმცა, მენეჯერული ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი არ არის ეფექტურად განხორციელებული არასაკმარისი შესაძლებლობების, საჯარო სამსახურში მათი სარგებლის დაბალი გაგების და სამინისტროების, მათ დაქვემდებარებულ ორგანოებს შორის ანგარიშვალდებულების არაეფექტური მექანიზმების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, ფინანსური ინსპექციის როლი და გავლენა საჯარო სექტორში უნდა გადაიხედოს.
რაც შეეხება კონკურენციის პოლიტიკას, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.
„ქვეყანამ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფა ამ სფეროში, კერძოდ, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისა და კარტელების შესახებ... საქართველოს სახელმწიფო დახმარების შესახებ კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებებია საჭირო, რათა ის ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მნიშვნელოვნად გააძლიეროს დაწესებულების ადმინისტრაციული შესაძლებლობები და გაზარდოს ინფორმირებულობა სახელმწიფო დახმარების წესების შესახებ დახმარების მიმღებებს შორის.
ევროკომისიის შეფასებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებებზე ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ზოგიერთ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. გარდა ამისა, არსებობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი სათანადო აღსრულების უზრუნველყოფას.
რაც შეეხება გადასახადებს, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ პირდაპირი დაბეგვრის კანონმდებლობა ჯერ კიდევ საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონმდებლობითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია. თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.
ევროკომისიამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მომზადების გარკვეულ დონეს სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში.
ზოგადად კი პოლიტიკის ყველა სფეროში ამოცანები მსგავსია – მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ყველა ახალი ამბავი
0