საეკლესიო კალენდარი: 2 თებერვალი

© Sputnik / STRINGERდავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 თებერვალს ექვთიმე აღმსარებელის, ექვთვიმე დიდის, მოწამეთა: ინას, რიმას და პინას, მოწამეთა: ბასეს, ევსევის, ევტიქის და ვასილიდას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში.
XIX საუკუნის 30-იან წლებში ექვთიმეს თაოსნობით თბილისში დაარსდა უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი იყო ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება. 1912 წელს ბერად აღიკვეცა გელათში. 1917 წელს ხელდასმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაანთავისუფლეს. 1925 წელს განაწესეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ფარულად გადმოიტანა და გადამალა საეკლესიო გალობის იშვიათი ხელნაწერები. სვეტიცხოველში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადმოიტანა. 1929 წელს ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს, სადაც რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული ქართული საგალობლების ხელნაწერები მიწაში დაფლა. 1935 წელს ექვთიმემ სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 5532 საგალობლის ხელნაწერი და სასულერო შინაარსის 34 სანოტო კრებული. 2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენი ექვთიმე ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა.
ექვთიმე დიდი
ღირსი ექვთიმეს მშობლებს – მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს. მოწყალება მიეღო მათზე. მალე მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე-სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 1 თებერვალი
ექვთიმე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მას მღვდლადაც დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდ მარხვებში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, 30 წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში.
საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა აქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა.
431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.
451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.
ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერ-მონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.
საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს „დიდი“ უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა - ძმები ცხადად ხედავდნენ, -თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.
გერგეტის სამება - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 31 იანვარი
ექვთიმე დიდმა 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა
წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ, წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან. ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მხნე აღმსარებლებმა არ უარყვეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო მოყინული, რომ მასზე მხოლოდ ადამიანებს კი არა, საზიდრებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში გრძელი ძელები ჩაედოთ, წმიდანები მათზე მიებათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს.
წმიდა მოწამენი: ვასი, ევსევი, ევტიქი და ვასილიდა
წმიდა მოწამენი: ვასი, ევსევი, ევტიქი და ვასილიდი იმპერატორ დიოკლეტიანეს კარისკაცები იყვნენ: ისინი შეესწრნენ თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას ქრისტესთვის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასი წელამდე მიწაში ჩამარხული გადახერხეს, წმიდა ევსევი თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ვასილიდს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0