მიწების მითვისება გომისმთაზე - დაკავებულია შვიდი პირი

© photo: Sputnik / Stringerგომისმთა
გომისმთა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
ბრალდებულებმა 1,4 ათასი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწა მიითვისეს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. მაღალმთიან საკურორტო სოფელ გომისმთაში (გურია) სახელმწიფო მიწების მითვისებაში ბრალდებულ შვიდ პირს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2021 წელს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.
ამის საფუძველზე ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე ჯამში 1.405 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301.530 ლარის ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მათ ჩამოართვეს თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები და დაუბრუნეს სახელმწიფოს.
საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
დღემდე დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ და სახელმწიფოს თითქმის 2 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის კონცეფცია

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0