კობა გვენეტაძე: ლარის კურსი პოზიტიურ შოკზე რეაგირებს

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო შესაძლებლობაა მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არსებული შოკების დასაფარად, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ლარის გამყარება უცხოური ვალუტების მიმართ დაკავშირებულია პოზიტიურ შოკთან, რომელიც გამოიწვია ექსპორტისა და ტურიზმის აღდგენამ, ასევე მიგრაციამ, მაგრამ ეროვნული ბანკი არ ჩაერევა და ხელოვნურად არ იმოქმედებს კურსზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
„დღეს განსხვავებული ვითარება გვაქვს. მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ლარის კურსი არის მცურავი და კარგად რეაგირებს შოკებზე.
„მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო საშუალებაა მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, რათა არსებული შოკები შთანთქას. აქამდე თუ ნეგატიურ შოკებზე ვსაუბრობდით, ახლა პოზიტიურ შოკებზე ვსაუბრობთ. ამან საშუალება მოგვცა, სავალუტო რეზერვები შეგვესყიდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი არ მოახდენს გავლენას სავალუტო ბაზარზე მოკლევადიან რყევებზე.
„მოკლევადიან პერიოდში თუ კურსს მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე გვექნებოდა სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიღაც გაცვლით კურსს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0