თბილისის მერია მეტროს ვაგონებს რუსული კომპანიისგან მაინც შეიძენს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
თბილისის მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
რუსულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია თბილისის მეტროსთვის ვაგონებს კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეისყიდის – ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულება არ გაწყვიტოს, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც EBRD-მ თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის მარტში EBRD-მ „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, ამის მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის ალბათობა გახდა. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მერიამ და EBRD-მ ერთობლივად მიიღეს.
ხმალაძის განცხადებით, რუსულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ახლა ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია.

„ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ჩვენ სხვა ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას. სხვა მომწოდებლის შემთხვევაში დაახლოებით 30-35%-ით აუცილებლად ძვირდებოდა (შესყიდვა)... ვეცადეთ, რომ არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ... ჩვენი დაკვეთის ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, ხელშეკრულების თითოეული ეტაპი და პუნქტი შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან.
„ვიმედოვნებ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში მოწოდება მოხდება... ეს ყველაფერი შეიცვალა ისე, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, ექსპლუატაციაში შევა და მხოლოდ იმ ნაწილს ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროს სადგურებში გაეშვება“, – აღნიშნა ხმალაძემ.
„მეტროვაგონმაში“ არის „ტრანსმაშჰოლდინგის“ ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში სარკინიგზო ტრანსპორტისთვის მოძრავი შემადგენლობების ორიდან ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
ყველა ახალი ამბავი
0