სიგარეტის კონტრაბანდა - დაკავებულია ერთი პირი

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
პროდუქციის ღირებულება 240 ათას ლარს აჭარბებს. დაკავებულს ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სატვირთო მანქანაში ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების ჯამში 241.639 ლარის ღირებულების 54.918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
2022 წელს საქართველოში კონტრაბანდასთან დაკავშირებული 326 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დანაშაულში მხილებული იქნა 308 ადამიანი. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 587.655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0