ნახეთ, ხომ არ ხართ ტოქსიკური მშობელი: „მწარე“ დახასიათება ფსიქოლოგისგან

© Pixabay / geraltბულინგი
ბულინგი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
თბილისი, 1 თებერვლი – Sputnik. ტოქსიკური მშობლის „მოღვაწეობა“, რომელიც შვილების აღზრდით კი არა, მათი დათრგუნვით არის დაკავებული, სანამ ცოცხალია, არ წყდება, აცხადებს აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოთერაპევტი და არაერთი ბესტსელერის ავტორი სიუზან ფორვარდი.
მისი წიგნი "ტოქსიკური მშობლები", რომელიც მსოფლიოს 15-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, 1989 წელსაა გამოცემული, მაგრამ დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მასში ვერ წააწყდებით „წყალს“ — მთელი წიგნი პრაქტიკულ მაგალითებსა და რჩევებზეა აგებული.
მაშ ასე, ვინ არიან ტოქსიკური მშობლები სიუზან ფორვარდის აზრით და როგორი შვილები ეზრდებათ მათ?
ტოქსიკური მშობლების შვილებს ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ. უპირველესად ეს დაბალი თვითშეფასებაა, რაც მათ თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.
ტოქსიკურები არიან მშობლები, რომლებიც შვილებთან ურთიერთობისას მათი ღირსების შემლახველ დამოკიდებულებას ირჩევენ.
ტოქსიკური მშობლები ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას, შეპყრობილი არიან აკრძალვებით, პირობითობებითა და სტერეოტიპებით.
ტოქსიკური მშობელი შვილის ნებისმიერ ჯანყსა და ინდივიდუალურ ქცევას პირადად მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევად აღიქვამს. ამიტომ თავდაცვაზე გადადის და ამით კიდევ მეტად ზღუდავს შვილის დამოუკიდებლობას, კიდევ მეტად უმწეოს ხდის მას. ნაცვლად იმისა, რომ პირმშოს ჯანსაღი განვითარებისთვის სტიმული მისცეს, პირიქით, გაუცნობიერებლად ძირს უთხრის მას და ხშირად საკუთარ ქმედებას იმით ამართლებს, რომ ასე ისევ შვილის ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა. არადა, მეორე მხარეს დგას ბავშვი — ჯერ კიდევ მოუმაგრებელი ფსიქიკით, რომელიც დარწმუნებულია, რომ მშობელი ყოველთვის მართალია.
ალბათ ყველას გსმენიათ მშობლებისგან ფრაზები: „ბავშვი ასე უფრო გამოიწრთობა“ და „ბავშვმა უნდა ისწავლოს კარგისა და ცუდის გარჩევა“.
უფრო მეტიც, ყველასათვის ნაცნობია ვითარებები:
ნეტავ საერთოდ არ გამეჩინე;
ფეხებში ნუ მედები;
გაიზრდები და გაიგებ;
ჩემთან ყოველთვის ვალში იქნები, იმიტომ რომ გაგზარდე;
ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები, ისევ შენთვის ჯობს ასე;
მე ყოველთვის მართალი ვარ, იმიტომ რომ შენზე მეტი მინახავს ცხოვრებაში;
ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ;
კაცი ვერ გენდობა, არაფრის აზრზე არ ხარ…
და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.
სწორედ ასეთი ფრაზების არსენალი თრგუნავს ბავშვს და დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს, ვინაიდან ძირშივე იკვეთება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნებისმიერი ყლორტი.
არსებობს ტოქსიკური მშობლების სხვადასხვა ტიპები. მაგალითად, უბრალოდ ემოციურად არაადეკვატურები, ან ჰიპერმზრუნველები, რომლებიც ბავშვს საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.
შესაბამისად, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ბავშვები. მაგალითად ისეთი, რომელიც პატარაობიდან იძულებულია დაიმსახუროს მშობლების სიყვარული, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ისე, თავისთავად, არავის ეყვარება; რომ უნდა შეეცადოს და დედ-მამის გული მოიგოს, რათა მათგან კეთილი სიტყვის ღირსი გახდეს.
ასეთ ბავშვს პატარაობიდანვე უჩნდება კომპლექსი, რომ ცუდია, უღირსია, რომ მშობლებს მხოლოდ პრობლემებს უქმნის. საბოლოოდ მას უყალიბდება რწმენა, რომ არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც შეიძლება უყვარდეთ. ამიტომ ყოველთვის ეცდება ადამიანების ყურადღება მათთვის სასიამოვნო საქციელით მიიპყროს. ასეთი ადამიანი ყოველთვის ჩაყლაპავს მის მიმართ გამოვლენილ ნეგატივს, ვინაიდან სჯერა, რომ ასეც უნდა იყოს. მერე კი იტყვის, რომ ასე თავაზიანობის გამო მოიქცა.
ქალი, რომელსაც ასეთი ბავშვობა აქვს გამოვლილი, ვერაფრით დაიჯერებს მამაკაცის სიყვარულს. ეს მისთვის უცხო და გაუგებარი იქნება, ვინაიდან არ იცის, როგორ მიიღოს სიყვარული.
და ეს ტოქსიკური მშობლების ყველაზე მწარე ნაყოფი არ არის. სამწუხაროდ, არსებობენ კიდევ უფრო სასტიკი მშობლები, რომლებიც არც ფიზიკურ შეურაცხყოფას აკლებენ შვილებს და არც სიტყვიერს.
უნდა ითქვას, რომ ბავშვი სიტყვიერ შეურაცხყოფას ბევრად რთულად „ინელებს“ — ლამის მთელი ცხოვრება ამახსოვრდება დედის ან მამის მიერ ნათქვამი მწარე, დამამცირებელი სიტყვა.
ტოქსიკური მშობლები შვილების აღზრდით კი არა, მათი დათრგუნვით არიან დაკავებული, ანუ არა ცუდი საქციელის აკრძალვით და კარგის განვითარებით, არამედ მათი პიროვნების განადგურებით.
ერთია, როცა ბავშვს უკრძალავ მოწევას ან სმას, მაგრამ მეორეა, როცა ბავშვს ხატვას უკრძალავ იმ მიზეზით, რომ მაინც ცუდად გამოსდის. ასე ხომ არც არასდროს გამოუვა, იმიტომ რომ ვერასდროს ისწავლის. ან კიდევ, როცა დედა ან მამა ბავშვს პირობას უყენებს – ექიმი უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ ოდესღაც მე სწორედ ექიმობა მინდოდა.
ტოქსიკური მშობლის „მოღვაწეობა“, სანამ ცოცხალია, არ წყდება. უკვე დაოჯახებულ შვილებს ახლა იმაში არწმუნებენ, რომ უღირსი მეორე ნახევარი ჰყავს და მისი ოჯახური ცხოვრება ნულია…
სამწუხაროდ, სიუზან ფორვარდის წიგნში მოყვანილი ყველა ტიპისა და მაგალითის განხილვა აქ შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ტიპაჟები გაგაცანით.
ყველა ახალი ამბავი
0