მოსაზრება: აშშ-ში დოლარის ვარდნისთვის ემზადებიან

© Pixabay / NikolayFrolochkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
დისკუსიების ფონზე, მიაწოდონ თუ არა კიევს ამერიკული ტანკები, ჩაიკარგა მთავარი საკითხი - რა უნდა აშშ-ს უკრაინაში?
გასაგებია, რომ საქმე რესურსებს ეხება, მაგრამ კონკრეტულად რომელ რესურსს?
მართალია, ამერიკულმა კორპორაციებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი შეისყიდა და ეს ნამდვილად კარგი, ნაყოფიერი მიწებია. მართალია, არის ინტერესი უკრაინის ტიტანისადმი - სტრატეგიული ნედლეულისადმი ამერიკული მრეწველობისთვის. ასევე, ცალკე სარგებელი მოაქვს ვაშინგტონისთვის იმას, რომ ახლა ძირძველ რუსულ მიწებზე ერთმანეთს ებრძვიან ერთი ხალხის წარმომადგენლები.
მაგრამ განა ასეთი წვრილმანებისთვის მზადაა ვაშინგტონი, მსოფლიო ომის რისკზე წავიდეს და დარტყმის ქვეშ დააყენოს საკუთარი მოსახლეობა? რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ უკრაინული კონფლიქტის გაღვივება ანადგურებს დასავლეთის ეკონომიკას და ერთმანეთს აშორებს თეთრ სახლსა და მის ვასალებს.
თუ რატომ ჩაეჭიდა ასე მაგრად ამერიკა უკრაინას - ამის საინტერესო ახსნას გვთავაზობს ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრეიგ რობერტსი. „ვაშინგტონის ხელისუფლება დასუსტდება დოლართან ერთად“ - ასეა დასათაურებული მისი სტატია. ავტორი მკითხველის ყურადღებას ამახვილებს საუდის არაბეთის ამასწინანდელ გადაწყვეტილებაზე, ნავთობის საფასურის სახით მიიღოს არა მხოლოდ აშშ დოლარები, არამედ სხვა ვალუტაც. საინტერესოა, რომ ამერიკული მასმედია ამ ინფორმაციას იგნორირებას უკეთებს.
რობერტსი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა - არის ნავთობდოლარის დასასრული იმ სახით, რომლითაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ ის ნახევარი საუკუნის წინ შექმნა. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაბედულმა გენერალმა დე გოლმა ამერიკელებისგან მოითხოვა, საფრანგეთისთვის გადაეცა თექვსმეტი ათას ხუთასი ტონა ოქრო ერთ-ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ბანკში დაუგროვდა - ოფიციალური კურსის შესაბამისად.
ეს, რასაკვირველია, საძირკველის შერყევა იყო. დე გოლს სამაგიერო გადაუხადეს, როდესაც 68-ის მაისი მოუწყვეს, მაგრამ ოქროსთან განშორება მაინც მოუხდათ. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. მთელი მსოფლიოს ქვეყნები რიგში ჩამწკრივდებოდნენ ზოდების მისაღებად. 1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა გააუქმა ოქროს სტანდარტი. როგორც მაშინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯონ კონოლიმ თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, „ამიერიდან ამერიკული დოლარი - ჩვენი ვალუტა და თქვენი პრობლემაა“.
სანაცვლოდ ნიქსონი შეუთანხმდა საუდელებს, რომ ისინი ნავთობს მხოლოდ ამერიკულ ვალუტაზე გაყიდიდნენ. აშშ დოლარმა მიიღო უზრუნველყოფა დედამიწაზე ყველაზე მოთხოვნადი ნახშირწყალბადების სახით. ამან მას განუმტკიცა მთავარი მსოფლიო ვალუტის სტატუსი მრავალი წლის განმავლობაში.
ადრე დოლარი ყველას იმისთვის სჭირდებოდა, რომ ნავთობი ეყიდა, დანაზოგი დაებანდებინა და ინფლაციისგან ეხსნა ის. ახლა მსოფლიოს სურათი იცვლება. ჩინეთი და რუსეთი ნავთობისთვის ანგარიშსწორებას რუბლითა და იუანით ეწევიან. ინდოეთიც ფიქრობს, რუსეთისგან ნავთობი რუპიებით შეიძინოს. საუდელების დემარში იმავე ხაზზეა.
რაც შეეხება დანაზოგებს დოლარებში - ან ამერიკულ ფასიან ქაღალდებში - ამაში ბევრ ქვეყანაში ეჭვი შეეპარათ ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო აგრესია გამოიწვია, ყურის იგივე მონარქებმა აქტიურად დაიწყეს ნავთობისგან მიღებული მოგების შენახვა არა მხოლოდ დოლარებში, არამედ მშობლიურ უდაბნოებში. იქ გაშენდა სუპერთანამედროვე ქალაქები, ყველაზე მაღალი ცათამბჯენები, ყველაზე ძვირფასი შადრევნები.
2007-2009 წლების დიდი რეცესიის შემდეგ დოლარის სისტემა კიდევ ერთხელ შეირყა. დოლარებში დაბანდების ინტენსივობა შეამცირა ჩინეთმა. მიუხედავად ეკონომიკური სიმბიოზისა აშშ-ში, იქაც შეუდგნენ დიდი ფულის დაბანდებას ქვეყნისა და საშინაო ბაზრის განვითარებაში. აქედან საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის გიგანტური მასშტაბები, ათასობით კილომეტრის ზეთანამედროვე გზატკეცილები და რკინიგზები, ძვირადღირებული ოლიმპიადები. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ წარმოება შიდა მომხმარებელზე გადაერთოთ და შეემცირებინათ არასაიმედო დოლარზე ეკონომიკის დამოკიდებულება.
აშშ-ის სიძლიერისთვის ფულის შეგროვება კი შეიძლებოდა ევროპიდან. მაგრამ ევროპის კეთილდღეობა ჯერ მკაცრმა კორონავირუსულმა ლოქდაუნებმა შეარყია, შემდეგ კი ანტირუსულმა სანქციებმა.
„ენერგომატარებლების გაძვირებამ და მსოფლიო აქტივობის შენელებამ „შეჭამა“ პროფიციტი და უფრო მეტად განვითარებული ევროპული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, დაგროვილი რეზერვებიც, - აღნიშნავს ფრანგული Atlantico. - რუსულ გაზზე უარით გერმანიამ დაკარგა კონკურენტუნარიანობა და სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო. ამგვარად, ამერიკელებმა დაკარგეს საგადახდო ბალანსის დეფიციტის დაფინანსების მესამე მნიშვნელოვანი წყარო“.
დღეს დოლარის მთავარ საფრთხედ ანალიტიკოსები მიიჩნევენ მსოფლიო ვაჭრობის გადასვლას ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორებაზე, ასევე ახალი სარეზერვო ვალუტების შექმნას, რომლებიც „ამერიკელს“ გვერდზე გასწევენ.
საკმაოდ პერსპექტიული ჩანს მასმედიაში გაჟონილი იდეა რუსეთისა და ირანის მიერ ოქროთი გამყარებული სტეიბლკოინის - კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ. ამ კუთხით საინტერესოა ბრაზილიისა და არგენტინის ინიციატივა ახალი ვალუტის sur-ის შექმნის თაობაზე. ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა გამოვიდა ამ იდეის განვითარებისა და BRICS-ის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი ვალუტის შექმნის ინიციატივით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბლოკში შედიან მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნები, ეს შეიძლება გახდეს აშშ დოლარის რეალური საპირწონე.
ჯერ კი „დოლარის ეგზისტენციალურ საფრთხედ“ აშშ-ში მიიჩნევენ ჩინურ რენმინბის, რომელიც უფრო იუანის სახლითაა ცნობილი. რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებით აწუხებს მოსახერხებელი და სწრაფი ციფრული საგადახდო სერვისები, რომლებიც წარმატებით ვითარდება ჩინეთში. ისინი იზიდავენ მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან.
ამ მხრივ რუსეთსაც დიდი უპირატესობა აქვს - ციფრული გადახდების ადგილობრივი სისტემები ამერიკულზე გაცილებით მოსახერხებელი და სწრაფია. საინტერესოა, როგორ შეუწყობს ხელს სამამულო ეკონომიკის სუვერენიზაციას ფიცრული რუბლის კონცეფციის ხორცშესხმა. პოლ კრეიგ რობერტსი ამტკიცებს, რომ დოლარის წილის შემცირება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გამოიწვევს „აშშ-ში მკაცრი ეკონომიის რეჟიმს“. ანუ სიღარიბესა და ვარდნას, თუ მოვლენებს თავის სახელებს დავარქმევთ. უკრაინის საკითხს თუ დავუბრუნდებით - დღეს ვაშინგტონისთვის საკუთარი ვალუტის განმტკიცების ერთადერთი საშუალება - სამხედრო აგრესიაა. ქაოსი ევროპაში დოლარს რაღაც დროით აქცევს „უსაფრთხო სავანედ“, სადაც კაპიტალი მიედინება.
უკრაინა შტატებს იმისთვის სჭირდება, რომ არ დაეშვან „მკაცრ ეკონომიამდე“. ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში წერდა რობერ კაგანი, ვიქტორია ნულანდის მეუღლე: აშშ-ის უარი სამხედრო აგრესიასა და ინტერვენციაზე ქვეყანაში ქაოსსა და ვარდნას გამოიწვევს.
ამიტომ უკრაინაში ვაშინგტონი შეჩერებას ვერ შეძლებს. მისი მომდევნო სამხედრო მიზანი ჩინეთი იქნება - „ეგზისტენციალური საფრთხე“ აშშ დოლარისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0