მოსაზრება: ვინ დგას ისპაჰანის ქარხანაზე დრონებით შეტევის უკან

© photo: Sputnik / Anton Bistrovირანის დროშები თეირანის ერთ-ერთ ქუჩაზე
ირანის დროშები თეირანის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
ნახშირწყალბადების მარაგი და ბირთვული პროგრამა აძლიერებს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება აშშ-ის ჰეგემონიას. ამიტომ აწუხებს ასე აშშ-სა და მის ახლოაღმოსავლელ მეგობარ ისრაელს. ვაშინგტონისა და თელ-ავივის ყველა მცდელობა თეირანთან „მოლაპარაკებისა“ ირანის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსებზე უპილოტო აპარატებით შეტევებისა და სამხედრო მუქარის გზით დესტრუქციულია და ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ვრცელ ტერიტორიაზე შეიარაღებული ესკალაციის წინაპირობებს ქმნის.
ირანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა 29 იანვრის ღამეს ისპაჰანში, თეირანიდან 300 კმ-ის დაშორებით საბრძოლო მასალების დამამზადებელ ცენტრზე სამი უპილოტო აპარატის თავდასხმის შესახებ. მინიდრონებმა მიზანს ვერ მიაღწიეს (ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს, ორი აფეთქდა ობიექტის დამცავ ბადესთან შეჯახებისას). არავინ დაშავებულა.
მასმედიის ცნობით, აფეთქებები გაისმა ქალაქებში ჰამადანსა და ქერეჯში თავდაცვით საწარმოებში, აზარშეჰრეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში (ეს ინფორმაცია თეირანს არ დაუდასტურებია).
უპილოტოების კუთვნილება ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის საინფორმაციო არხები პრაქტიკულად ერთხმად მიიჩნევენ შეტევის ბენეფიციარად და შემსრულებლად აშშ-სა და ისრაელს.
გამოცემა Defence Express-მა გამოაქვეყნა ახალი თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ირანის ისპაჰანში გამართულია Shahed-136 დრონების წარმოება. აღსანიშნავია, რომ ირანის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეები მიწის ქვეშ, დიდ სიღრმეზეა განთავსებული.
ასეთი კომპლექსების გასანადგურებლად აუცილებელია დიდი სიმძლავრის ბეტონის საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა (ან ბირთვული იარაღი). 29 იანვრის უპილოტო შეტევა ან „საიდუმლო დარტყმა“ ერთგვარ გაფრთხილებასავითაა. თეირანში აღნიშნეს, რომ აგრესიის აქტს უპასუხოდ არ დატოვებენ.
ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პროვოკაციები ქვეყნის ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლახიანმა უპილოტო შეტევას უწოდა „სიმხდალის აქტი იმათი მხრიდან, ვისაც ჩადენილის აღიარების გამბედაობა არ ჰყოფნის“ და დასძინა:

„ეს ნამდვილად ვერ გვაიძულებს, უარი ვთქვათ ბირთვულ პროგრამაზე ჩვენი ქვეყნის დასაცავად“.

პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს კავშირი არ აქვს ირანის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებზე შეტევასთან. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მომავალში ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარის გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითა:

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ არანაირ ვარიანტსა თუ სცენარს ირანის მიმართ, მათ შორის, არც სამხედროს. ყველა შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ჯერ უპირატესობას ვანიჭებთ დიპლომატიურ ვარიანტს“.

თელ-ავივს აწუხებს ირანის ძალების ყოფნა მოსაზღვრე სირიასა და ლიბანში. მასობრივი განადგურების იარაღი თეირანს უდავოდ აქცევს „ძალის ცენტრად“ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ აზიისთვის. ირანის რეალური სუვერენიტეტი სამუდამოდ ჩაუკეტავს აშშ-ს ქვეყნის საბადოებიდან ნახშირწყალბადების უფასოდ ამოქაჩვის პერსპექტივას.

Juniper Oak 23-ის ფინალური აკორდი

ამას წინათ „აღთქმულ მიწაზე“ დასრულდა აშშ–ისრაელის მანევრები Juniper Oak, რომელშიც მონაწილეობდნენ: 140 თვითმფრინავი, აშშ-ის 6400 და ისრაელის 1500 სამხედრო მოსამსახურე. შესრულდა საარტილერიო სროლები, საზღვაო ოპერაციები. ერთად მოქმედებდნენ ამერიკისა და ისრაელის მეხუთე თაობის გამანადგურებლები. ავიამზიდი USS George HW Bush-ის დამრტყმელი ჯგუფი დაკავებული იყო მართვითა და კონტროლით, უპილოტო საფრენი აპარატების, B-52H სტრატეგიული ბომბდამშენების, რეაქტიული სისტემებისა და HIMARS სისტემის ინტეგრირებით. ოთხ დღეში პოლიგონებზე გამოიყენეს 81 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა.
Juniper Oak 23 მანევრებმა აჩვენა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობასთან ისრაელის ჯარის 18-თვიანი ინტეგრაციის ხარისხი. უპილოტო შეტევა ირანის ტერიტორიაზე 29 იანვარს ჰგავს არა დამთხვევას, არამედ ერთობლივი წვრთნების ფინალურ აკორდს – იმიტაციის საშუალებებით, ანუ მინიდრონებით მასირებული სარაკეტო დარტყმის დამუშავებას.
ჰიპოთეტურ ოპერაციაში ამერიკული ბომბდამშენების მონაწილეობა საკვანძოა. ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების მოსალოდნელი განახლება თანამედროვე Су-35-ით ვაშინგტონსა და თელ-ავივს შესაძლებლობების ფანჯარას უზღუდავს. სამხედრო კონფლიქტის ალბათობა იზრდება, ისრაელში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის უილიამ ბერნსის ყოფნა შემთხვევითი არ არის.
თეირანს ასიმეტრიული პასუხის გაცემა შეუძლია, მით უფრო, რომ გასული სამი წლის განმავლობაში თელ-ავივი გაიტაცა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამხედრო ჩინოვნიკებისა და მეცნიერების ლიკვიდაციამ. მეტად მკაცრი იყო ირანის რეაქცია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხრიდან 2020 წლის იანვარში გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობაზე – სარაკეტო იერიში მიიტანა აშშ-ის ჯარის ობიექტებზე ერაყში, რომლითაც (Military Watch Magazine-ის მონაცემებით) 100-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გაანადგურა.
თუ თეირანი გაარკვევს, რომ 29 იანვარს ტერორისტული აქტის უკან ისრაელი იდგა, მკაცრი ანგარიშსწორების ალბათობა დიდია. ირანული უპილოტოების შემტევი პოტენციალი ნებისმიერი სირთულის ამოცანის შესრულების შესაძლებლობას იძლევა.
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა ქემალ ხარაზიმ ამას წინათ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს „ტექნიკური შესაძლებლობები ატომური იარაღის შესაქმნელად“ და უკვე ჩატარებულია მასშტაბური წვრთნები „ისრაელის ტერიტორიაზე დარტყმის“ მიზნით. სამხედრო კონფლიქტი შეიძლება შეეხოს ბევრ მოსაზღვრე სახელმწიფოს, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს, სადაც ისედაც დაძაბულობაა.
აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირი აქვს ისრაელთან. გამოცემა Politico უთითებს სერიოზულ დაძაბულობაზე აზერბაიჯანსა და ირანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე: „ირანი აპირებს 40 კმ-იანი საზღვრის შენარჩუნებას სომხეთთან, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს და შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს“.
დაბოლოს, უკრაინის რეაქცია 29 იანვრის მოვლენებზე კარიკატურულია. კიევმა ირანში ტერაქტი მიიჩნია „რუსეთის მხარდაჭერის პოლიტიკის შედეგად“. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურში იმედიც კი გამოთქვეს, რომ თეირანი შეწყვეტს მოსკოვის დახმარებას.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 იანვარს დაიბარეს უკრაინის ელჩი ისლამურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომელმაც ირიბად აღიარა კიევის კავშირი ისპაჰანზე თავდასხმასთან: „უკრაინა გაფრთხილებდათ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0