საეკლესიო კალენდარი: 28 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerწმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 იანვარს წმიდათა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის, ღირსთა პავლე თებელისა და იოანე გლახაკის, ასევე ღირსმოწამე პანსოფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 27 იანვარი
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ძველი სტილით 15 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
ღირსი პავლე თებაიდელი
პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.
ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა.
გერგეტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი
ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მამად ითვლება.
ღირსი იოანე გლახაკი
ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნები იზიდავდა. მან სცნო ამ სოფლის ამაოება და გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა.
ექვსი წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ეშმაკისგან მოვლენილი აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა.
კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს. ისინი, ღვთის გულისთვის და საკუთარი გულმოწყალებით, ყოველ დღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს “.
თაბორის ფერისცვალების მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი
სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსდგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ აჩვენა წმიდანმა დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო, იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.
25 წელს მიახლოებული ღირსი მამა V საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს.
მოწამე პანსოფი
ღირსი მოწამე პანსოფი ალექსანდრიელი პროკონსულის ნილოსის ვაჟი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოღვაწეობდა. დეკიუსის დროინდელ (249-251) დევნულობისას ღირსი პანსოფი ალექსანდრიის პრეფექტს მიჰგვარეს განსასჯელად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უღმერთობა, რისთვისაც სასიკვდილოდ სცემეს წკეპლებით. წმიდა მარტვილი აღესრულა დაახლოებით 249-251 წლებში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრნობით.
ყველა ახალი ამბავი
0