ბრიტანელი ფსიქიატრი: სააკაშვილი მისი დიაგნოზით ციხეში არ უნდა იჯდეს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ დაადასტურა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ცენტრ „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზების უტყუარობა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე კიდევ ერთმა უცხოელმა ექსპერტმა, ბრიტანელმა ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია, რაც სასჯელის მოხდას შეუძლებელს ხდის.
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს ერთი თვეა განიხილავს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

„მიჭირს იმის თქმა, როგორია მისი მდგომარეობა დღეს. სააკაშვილი 2022 წლის ნოემბერში გავსინჯე... პაციენტის გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე კოგნიტური დარღვევები, რასაც მოჰყვა დემენცია“, – განაცხადა კატონამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტების მიხედვით, დემენციის მქონე პაციენტები არ უნდა იმყოფებოდნენ პატიმრობაში.
ფსიქიატრის თქმით, მან დაახლოებით სამი საათი გაატარა სააკაშვილთან, შეაგროვა სრული ისტორია. ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ასევე დეტალური კოგნიტური შეფასება.
„კვლევის შედეგად აღმოვაჩინე მძიმე დარღვევები ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების და ვიზუალურ-სივრცითი აღქმის მიმართულებით“, – განაცხადა კატონამ.
კოგნიტური დარღვევები, ბრიტანელი ფსიქიატრის აზრით, შესაძლოა, გამოწვეული იყოს დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებით.
„ანტიფსიქოზურმა მედიკამენტებმა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, კოგნიტური სირთულეები გამოიწვია. ამ მედიკამენტებს შეიძლება ჰქონოდა ტოქსიკური ეფექტი“, – აღნიშნა კატონამ.
იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა>>>
როგორც ფსიქიატრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს არ გაეწია სათანადო მკურნალობა. ხოლო თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, თქვა მან.
„თუ გაგრძელდება პატიმრობა, მგონია, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები უფრო გძლიერდება. მას ასევე აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომლის ზუსტი მიზეზების დადგენა რთულია. თუ მიზეზი არ დადგინდება და არ დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესირებადი გახდება“, – განაცხადა კატონამ.
მისი თქმით, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ იქნება ეფექტური. უფრო მეტიც, ვიდეოთვალთვალი საპირისპირო შედეგს გამოიღებს. ვიდეოთვალთვალი ხორციელდება სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის” პალატაში, სადაც სააკაშვილია მოთავსებული 2022 წლის 12 მაისიდან.
როგორც კატონამ განაცხადა, იგი იზიარებს ამერიკელი ექსპერტების – ნევროლოგ შაჰინ ემანუელ ლაჰანის და სასამართლო ფსიქიატრის ერიკ დევიდ გოლდსმიტის აზრს, რომლებიც სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმის სახით გამოცხადდნენ.

„ვეთანხმები დოქტორ ლაჰანს და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს“, – აღნიშნა კატონამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტის კითხვაზე, თუ რა დოკუმენტებით ხელმძღვანელობდა კატონა დასკვნის მომზადებისას, როცა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ ძალადობა იყო გამოყენებული, მან თქვა, რომ ასეთი დასკვნა თავად სააკაშვილის სიტყვებზე და ასევე მარიამ ჯიშკარიანის დასკვნის საფუძველზე გააკეთა.
მარიამ ჯიშკარიანი წამების მსხვერპლთა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ “ემპათიის” დირექტორია, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე კომპლექსური დასკვნა მოამზადა. სწორედ აღნიშნული დასკვნა არის სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი.
იუსტიციის სამინისტრო „ემპათიის” წინააღმდეგ
ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო ჯგუფმა სააკაშვილს დაუსვა რამდენიმე დიაგნოზი, მათ შორის დემენცია და კახექსია. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ამ დიაგნოზების გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.
სხვა მოსაზრებისაა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელმაც 26 იანვარს პენიტენციურ სამსახურს საკუთარი სამედიცინო დასკვნა წარუდგინა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2022 წლის 8 დეკემბერს ბიუროს მიმართა იმის დასადგენად, რამდენად სარწმუნოა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას მის მიერ დასმული დიაგნოზები.
სააკაშვილი მოწამლეს თუ ანალიზები ნორმაშია? ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩვენება>>>
ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორებიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი“.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური დასკვნას სასამართლოს წარუდგენს.
მინისტრმა ასევე ალოგიკური უწოდა სააკაშვილის უარს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად ფრჩხილისა და თმის ნიმუშების წარდგენაზე, რათა გადაემოწმებინათ ცენტრ „ემპათიის”, მათ შორის, ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის სანდოობა იმის თაობაზე, რომ ექს-პრეზიდენტი მოწამლულია მძიმე მეტალებით, მათ შორის დარიშხანით, ბარიუმით და ვერცხლისწყლით.
სმიტის თქმით, მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ექს-პრეზიდენტის თავის ტვინში თეთრი ნივთიერება, რამაც „სერიოზული და პროგრესირებადი დემენცია“ გამოიწვია.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. პირველად სააკაშვილი საავადმყოფოში შიმშილობის დროს მოხვდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0