საქართველოს კულტურის სამინისტრომ ერთბაშად სამი კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
კულტურის სამინისტროს კონკურსებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა სამი კონკურსი: ქართული ესტრადისა და ფოლკლორის, თავისუფალი პროექტების, ასევე ბალეტის მხარდასაჭერად, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
„ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“
კონკურსის ბიუჯეტი 500 ათას ლარს შეადგენს. კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მისთვის საყოველთაო ხასიათის მიცემა.
ასევე ამოცანებს შორისაა მუსიკოს-შემსრულებელთა, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების საქმიანობის ხელშეწყობა, კერძოდ, რეგიონებში ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების გამართვის წახალისება და საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს/ჯგუფებს, რომელთაც აქვთ პროფესიული მუსიკალური ან/და საბალეტო ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
„კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“
წელს კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 680 ათას ლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე გამოყოფილია 300 ათასი ლარი.
კონკურსის მიზნები – ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ახალი იდეების განხორციელება, კულტურული თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
კონკურსი აერთიანებს რამდენიმე დარგს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.
ახალი კონკურსის პირობებით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ასევე ინდმეწარმეებს. კონკურსანტს ერთი განაცხადის შეტანა შეუძლია.
„საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“
კონკურსის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ამჯერად სამინისტრო 1,3 მლნ ლარს გამოყოფს.
კონკურსის მიზანია პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ პროფესიული მუსიკალური ან/და საბალეტო ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
განაცხადების მიღება სამივე კონკურსზე 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@culture.gov ან მისამართზე: სანაპიროს ქუჩა, 4.
ყველა ახალი ამბავი
0