საგარეჯოში სროლისას დაჭრილი ერთი ადამიანი კლინიკაში რჩება

© AP Photo / Natacha Pisarenko
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
ექიმების თქმით, პაციენტს, სავარაუდოდ, საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანენ დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსიდან" გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
„ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებული დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა თავიდანვე შედარებით მძიმე იყო. 24 წლის გიორგი კიკნაძე, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და კიდურების არეში აქვს მიყენებული, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაუკეთეს. მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
ექიმების თქმით, პაციენტს, სავარაუდოდ, საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანენ დამატებითი კვლევების ჩასატარებლად.

„პაციენტი აგრძელებს შესაბამის მკურნალობას კლინიკაში. ამ ეტაპზე იგი არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა არ გართულებულა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
გამოძიების ცნობით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0