რომელ თვეში იბადებიან გენიოსები, სპორტული ვარსკვლავები, დღეგრძელები - მეცნიერული კვლევა

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მეცნიერები კატეგორიულად ემიჯნებიან ასტროლოგიას და, რაღა თქმა უნდა, არც დაბადების თარიღის ადამიანის ბედისწერაზე გავლენას ეკიდებიან რწმენით, თუმცა თავადვე ასკვნიან, რომ:
ზამთარში დაბადებულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ;
შემოდგომაზე დაბადებულები უკეთ სწავლობენ;
ხოლო ზაფხულის მიწურულს დაბადებულები ყველაზე ხშირად აღწევენ წარმატებას სპორტში.
ასეთია რამდენიმე სამეცნიერო კვლევასა და ფაქტებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები.

შემოდგომის დღეგრძელები

მეცნიერთა თქმით, დაბადების თარიღი გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც. შემოდგომა-ზამთარში დაბადებულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ყველაზე ცუდი მაჩვენებული ამ კუთხით მარტში დაბადებულებს აქვთ, ვინაიდან მათი მხოლოდ 4% აღწევს 100 წლამდე.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის სწავლულებმა 1880-1895 წლებში დაბადებული 1500 ადამიანის მონაცემი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ XIX საუკუნის ბოლოს, გვიან შემოდგომასა და ზამთარში სეზონური ინფექციებისა და სიცივის გამო მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობა. სიცოცხლეს მხოლოდ ჯანმაგარი და მდიდარ ოჯახებში დაბადებული ბავშვები ინარჩუნებდნენ, ანუ ისინი, რომლებსაც კარგი სასტარტო პირობები ჰქონდათ. შესაბამისად, ჰქონდათ დღეგრძელობის მეტი შანსი.
ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორ ალექსანდრ ლერჩლის დასკვნით, ოქტომბერ-დეკემბერში დაბადებული გერმანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მაის-ივნისში.
მსგავსი მონაცემები მიიღეს კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმაც, როდესაც დედამიწის ნახევარსფეროების სხვადასხვა წერტილებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ავსტრიელ და დანიელ დღეგრძელთა შორის ყველაზე მეტნი სწორედ სექტემბერ-დეკემბერში დაბადებული ადამიანები იყვნენ.
ამ კანონზომიერების ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ახსნა შესაძლოა დედის კვება იყოს ორსულობის პერიოდში. ქალები, რომლებიც შემოდგომა-ზამთარში მშობიარობენ, წლის თბილ პერიოდში არიან ფეხმძიმედ, როდესაც ბევრი ხილი და ბოსტნეულია, რაც საბოლოოდ ბავშვებს ჯანსაღ გემოვნურ ჩვევებს უყალიბებს.
ამ ვარაუდის შესამოწმებლად სწავლულებმა ვირთხებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. როგორც გაირკვა, თუ დედალ ვირთხას ორსულობისას კალორიულ და მაღალი ცხიმიანობის მქონე საკვებს აძლევდნენ, მათი შვილები შემდგომში აუცილებლად ხდებოდნენ დამოკიდებული მავნე საკვებზე და ჭარბცხიმიანობით იტანჯებოდნენ.

გააჩინეთ ჭკვიანები

აშშ-ის ეკონომიკურ კვლევათა ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ყველაზე ჭკვიანი და დამჯერი ბავშვები სექტემბერში იბადებიან.
მკვლევარებმა 6-დან 15 წლამდე ასაკის მილიონზე მეტი მოსწავლის მოსწრება გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებლები „აგვისტოს ბავშვებს“ ჰქონდათ, ხოლო სექტემბერში დაბადებულები, გარდა იმისა, რომ სკოლაში მაღალი ნიშნებით გამოირჩეოდნენ, ასევე განაგრძობდნენ სწავლას პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
მეცნიერები ამას ამგვარ ახსნას უძებნიან: ამერიკელი ბავშვები სრული 6 წლისანი შედიან სკოლაში. ამიტომ სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში დაბადებულ ბავშვებს მცირე უპირატესობა აქვთ – ისინი რამდენიმე თვით უფროსები არიან თავიანთ გაზაფხული-ზაფხულის თანაკლასელებზე, რაც დაბალ კლასებში მნიშვნელოვნად აისახება მოსწრებაზე.
გარდა ამისა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სექტემბერში დაბადებულთა შორის მრავლად არიან მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები. ანუ მშობლები იმგვარად გეგმავდნენ ორსულობას, რომ ბავშვი შემოდგომაზე დაბადებულიყო და მომავალში მეტ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა.

გენიოსები და ვარსკვლავები

გენიოსობასა და დაბადების თარიღს შორის კავშირი არაერთხელ გამხდარა კვლევის საგანი, თუმცა მეცნიერები ვერასდროს შეჯერდნენ რაიმე გარკვეულ დასკვნაზე. თუ ერთნი დაბადების წელსა და ნობელის პრემიის მინიჭებას შორის კორელაციას პოულობენ, მეორენი საერთოდ უარყოფენ კავშირს ინტელექტის დონესა და ჩასახვის ან დაბადების თარიღს შორის.

ასე რომ, ეს საკითხი დღემდე რჩება სწავლულთა დავის თემად.
ყველა ახალი ამბავი
0