ქართული ღვინო საფრანგეთის დაპყრობას შეეცდება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო გამოფენაზე
ქართული ღვინო გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ღვინის გამოფენაში საქართველოს 13 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Paris, რომელიც 13–15 თებერვალს პარიზში გაიმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაცია ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტია. სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე ხარჯავს.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეს გამოფენა პირველი საერთაშორისო ღონისძიებაა, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი.
პარიზის გამოფენაში 13 ქართული ღვინის კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

„მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წელს გამოყოფილი 1,5 მლნ ლარიდან 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის პოპულარიზაციაზე>>
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან 91,4 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. ეს მოცულობა უკვე აღემატება 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (80,5 მლნ ლ).
2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 16%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს. ეს მაშინ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.
რუსეთი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის. რუსეთში ექსპორტირებულია 62 მილიონი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0