მოსაზრება: გერმანიამ არჩევანი გააკეთა და ის შესაცოდი არ არის

© INA FASSBENDER
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ირინა ალქსნისი
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერმა უცებ ხასიათი გამოავლინა და კიევისთვის გერმანული „ლეოპარდების“ გადაცემაზე უარი განაცხადა, რამაც პარასკევს „რამშტაინის“ ავიაბაზაზე გამართულ ნატოს სამიტზე სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც დასავლურ მასმედიაში ოლაფ შოლცის კრიტიკა დაიწყო.
კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინი მზადაა დადებითად უპასუხოს მესამე ქვეყნების განაცხადებს უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდების შესახებ, თუ შესაბამისი განაცხადები იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბერბოკი არის „მწვანეების“ – გერმანიის პოლიტიკურ ძალებს შორის აშშ-ის ყველაზე გამოკვეთილი ვასალების წარმომადგენელი.
ბერლინის მცდელობამ, როგორმე შეერბილებინა სკანდალი, გამოიწვია პოლონელების, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაქსიმალურად მკვახე პასუხი. სიმართლე ითქვას, ეს აბსოლუტურად კანონზომიერი და სამართლიანიცაა.
გერმანია ამ მომენტში საცოდავი სანახავია და ეს ამავდროულად ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილია მთელი მსოფლიოსთვის – ამასაც ხომ მოხერხება უნდა, რომ ერთ წელიწადში დაკარგო უზარმაზარი პოტენციალი, რომელზეც ქვეყანა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა.
მით უფრო გასაკვირია, რომ გერმანული ელიტა მთელი ამ დროის განმავლობაში ავლენდა სტრატეგიულ გამჭრიახობას და გათვლილ პოლიტიკას. მუშაობის შედეგად გერმანია გადაიქცა ევროპის ეკონომიკურ ლოკომოტივად და გეოპოლიტიკურ ლიდერად. ამასთან, ისინი მოხერხებულად იღებდნენ შტატებისგან პრეფერენციებსა და შეღავათებს და თანაც ვაშინგტონს ახდევინებდნენ ევროპის თავდაცვის მთელ სამხედრო ხარჯებს.
ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლებოდა ამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური კაპიტალის გაფლანგვა?
ეჭვგარეშეა, პასუხი უნდა მოიძებნოს გერმანიის ოკუპირებულ სტატუსში. ვაშინგტონმა მოახერხა კონტროლის შენარჩუნება გერმანიის მმართველი ელიტის ნაწილზე, რომელიც მისი ნების წინამძღოლად გამოდის. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ამერიკელებმა შეძლეს გერმანული სულისკვეთების მნიშვნელოვნად ჩახშობა. აქედან მოდის ბერლინის ფრთხილი მოქმედება და მუდმივად ოკეანის გადაღმა სიუზერენისკენ ყურება.
თუმცა გერმანიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა არა ეს, არამედ მისი ელიტების, მათ შორის, იმ ნაწილის გამოაშკარავებული ღრმა რუსოფობია, რომელსაც რუსეთი აფასებდა, როგორც მაქსიმალურად პრაგმატულს (თუ მეგობრულს არა) და ისეთს, რომელსაც კარგად ჰქონდა გააზრებული რუსეთთან თანამშრომლობის სარგებლიანობა. როგორც ჩანს, მათ ვერ აპატიეს რუსეთს ვერც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, ვერც ბერლინის აღება, ვერც თანასწორუფლებიანი პარტნიორობისკენ სწრაფვა.
დღევანდელი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხი, რომელშიც გერმანია საკუთარი ნებით მოექცა, მხოლოდ იმიტომ წარმოიქმნა, რომ თითქმის ერთი წლის წინ მისი ყველა ელიტა, როგორც პროატლანტიკური, ისე ნაციონალური ორიენტაციისა, შეერწყა ერთმანეთს ანტირუსულ ერთობაში. სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებსაც კი რუსეთის საბოლოოდ განადგურების შანსმა თვითგადარჩენის შეგრძნება წაართვა და მათ დიდი ენთუზიაზმით გადახერხეს ტოტი, რომელზეც ისხდნენ. გერხარდ შროდერის მსგავსი გამონაკლისი, რომელიც ცდილობდა კოლეგებისთვის ვითარება აეხსნა, თითზე ჩამოსათვლელია.
ახლა ბერლინი ცდილობს აწონილ და ჯანსაღ პოლიტიკას დაუბრუნდეს, რომელსაც 2014 წლიდან ატარებს: ატლანტისტები ცოტათი შეავიწროვა, ხელისუფლება ცდილობს მანევრირებას და საკუთარი საგარეო პოლიტიკური წესებით თამაშს და, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.
უბედურება ისაა, რომ უკვე დაგვიანებულია.
ზოგჯერ სადმე ყურს მოკრავთ, რომ გერმანელები აჯობებენ ამერიკელებს, ადგილს მიუჩენენ პოლონელებს, კვლავ გაუძღვებიან ევროპას და აღადგენენ სრულფასოვან სუვერენიტეტს. რომ ბოლო წელი იყო ფლუქტუაცია, რომლისგანაც ბერლინი უკვე თითქმის გათავისუფლდა, და ყველაფერი ძველებურად იქნება.
მაგრამ ამ ბოლო წელიწადში გერმანიამ დაკარგა უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც კვებავდა როგორც მის განვითარებას, ისე ამბიციებს: რუსეთთან თანამშრომლობა. რაღაცაში – „ჩრდილოეთის ნაკადების“ განადგურებაში – მას „დაეხმარნენ“, ძირითადად კი, ყველაფერი თავად, გერმანული ხარისხით გააკეთა.
ახლა კი, როგორც არ უნდა მოიქცეს, ვერ შეცვლის რეალობას, რომელშიც მსოფლიო ისტორიის კრიტიკულ მომენტში გერმანიაზე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყველა ფეხს იწმენდს, ეკონომიკურად კი განწირულია. ამ სცენართან შებრძოლების რესურსი კი, რუსული რესურსი ბერლინს აღარ აქვს.
ასე რომ, ინტრიგა „ლეოპარდის“ ირგვლივ მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენ ხანში გატეხავენ გერმანელებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0