უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩარიცხვას ჰპირდებოდა - პროკურატურამ თაღლითური სქემა გახსნა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, აღნიშნულ უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე 3-5 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო.
გარდა ამისა, აღნიშნული პირი, სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7-11 ათასი ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.
ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით 10 დაზარალებულის თანხას, ჯამში 119.030 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 21 იანვარს დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0