ღვთისმშობლის სასწაული, ანუ ამბავი გაწყვეტას გადარჩენილი ქართული ლაშქრისა

© Pixabay / geraltლოცვა
ლოცვა  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
მონღოლებს დამორჩილებული ქართველები ჩაღატა ნოინის ლაშქარში იდგნენ და მათთან ერთად ცდილობდნენ ალამუთის თვალაუწვდენელი ციხე-სიმაგრის აღებას. ციხე თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რადიკალურ მუსლიმურ სექტას — ასასინებს ჰქონდათ მიტაცებული.
ალამუთის ალყა ძალიან გაჭიანურდა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მონღოლებსა და მულიდებს (ასასინებს) შორის შვიდ წელიწადს გაგრძელდა, რაც, ბუნებრივია, ჩაღატას ბანაკში მყოფთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
გამონაკლისი არც ქართველები იყვნენ, რომლებსაც არც უცდიათ ამ უკმაყოფილების დამალვა და მონღოლი სარდლისგან ომის მალე დასრულებას მოითხოვდნენ.
როგორც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, ერთ დილით დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ამტყდარა მონღოლთა ბანაკში — ღამით ჩაღატას კარავში შეპარულ მკვლელს მძინარე ნოინისათვის დანა ჩაერტყა გულში.
„არა უწყოდეს, ვისგან მოკლულ იყო“, მაგრამ მონღოლებმა ნოინის მკვლელობა მაინც მაშინვე ქართველებს დააბრალეს, მიუხედავად თანამოლაშქრეობისა და მამაცური შემართებისა, ეჭვი მაინც მათზე მიიტანეს.
მხოლოდ ჩარმაღან ნოინი არ იზიარებდა თვისტომთა ერთსულოვან რისხვას. ჯიუტად არწმუნებდა მათ, ქართველთა ბუნებისათვის უცხოა ვერაგული ქმედებაო. მაგრამ მისი ფხიზელი განსჯა ვერა და ვერ აღწევდა პატრონის დაკარგვით გამძვინვარებულ მონღოლთა სმენას. შურისძიების ველური წყურვილით აღვსილნი ქართველთა ბანაკისკენ აპირებდნენ დაძვრას.
საგონებელში ჩაცვივდნენ ქართველები, არ იცოდნენ, რა ეღონათ. მონღოლებთან შებმას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათთან შედარებით ბევრად ცოტანი იყვნენ და ისე შემუსრავდნენ ჩაღატას მებრძოლები, რომ საქართველოში ამბის წამღებიც არავინ დარჩებოდა. თუმცა მაინც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ თანამემამულეთ, გავწყდეთ, მაგრამ მონღოლებსაც დიდი ზიანი მივაყენოთო.
მაშინ ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა ისეთი სიტყვა თქვა, ყველა ჩააჩუმა და კამათი დააცხრო: ბრძოლის გამართვას აზრი არ აქვს, თუ დავითმენთ, იქნებ ნაკლები მსხვერპლით გადარჩეს ჩვენი სპა და მხოლოდ წარჩინებულნი დაგვსაჯონო მონღოლთ.

„უმჯობეს მიჩნს, ჩვენ მოვიკვლნეთ და არა ესე ყოველი ძალი“, — ასე ბრძანა ღირსეულმა ქართველმა.

უფალს მივანდოთ ბედი ჩვენიო, მოუწოდა თანამემამულეებს გრიგოლ სურამელმა, მუხლი მოვიდრიკოთ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღვავლინოთ, ერთობლივი ვედრებით წავიკითხოთო შესხმაი მისი.
სურამელს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, მუხლი მოიდრიკა ქართულმა ლაშქარმა, დაიჩოქა და ერთხმად შეჰღაღადა ღვთისმშობელს სავედრებელი:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“.

და სანამ ქართველთა ლაშქრის პირწმინდად გასაწყვეტად დაძრული მონღოლები მათ ბანაკამდე უწევდნენ, მოულოდნელად ლერწმიანიდან ვიღაც კაცი გამოხტა ხელში სისხლიანი მახვილითა და შეშლილი სახით. მერე მაღლა აღმართა ორლესული და ხმამაღლა შესძახა სპარსულად:

მან ქუშტემ ჩაღატა! (მე მოვკალ ჩაღატა!)

გამძვინვარებული მონღოლები მკვლელს ეცნენ, შეიპყრეს და ნოინებს მიჰგვარეს. იქ გაირკვა, რომ ჩაღატას მკვლელი გამორჩეული მულიდი ყოფილა, რომლისთვისაც ასასინთა მთავრებს განსაკუთრებული დავალება მიეცათ: მას უნდა მოეკლა მონღოლთა ოთხ ნოინთაგან ერთ-ერთი.
„წარმოველ, მოვკალ და დავიმალე“, — ამ სიტყვებით დაასრულა აღსარება მულიდმა.
ხოლო როდესაც ჰკითხეს, რაღატომ გამოჩნდი და აღიარე მკვლელობაო, უცნაური რამ უამბო ნოინებს.
ჩაღატას მოკვლის შემდეგ ხშირ ლერწმიანში დამალულ მულიდს უეცრად თავს უმშვენიერესი ქალბატონი წასდგომია და გაუკიცხავს იგი, კაცი მოჰკალ და დაიმალე, ახლა შენი მიზეზით მრავალი უდანაშაულოს სისხლი უნდა დაიღვაროსო.
ფრიად შეწუხებულა ასასინი, ქალისთვის კრძალვით უკითხავს, „რა ვჰყო, დედოფალოო“, რაზედაც უეცრად გამოჩენილ უცნაურ ქალბატონს უბრძანებია, წამომყე, სადაც წავალ და იქ თქვი, რომ შენ მოჰკალიო ჩაღატა.
დამორჩილებია მულიდი ქალს, ბატკანივით გაჰყოლია უკან. მონღოლთა მხედრობის სიახლოვეს გაუყვანია ლერწმიანიდან ქალს იგი აღსარების სათქმელად, თავად კი გაუჩინარებულა...
მეტის თქმა აღარ დასცალდა ჩაღატას მკვლელს, ხმლით განკვეთეს მონღოლებმა. ხოლო ყოვლადწმინდა მარიამის მიერ მანამდეც და მას შემდეგაც ათასგზის გადარჩენილ ქართულ მხედრობას კიდევ ერთხელ უვნებლად აუარეს გვერდი...
ყველა ახალი ამბავი
0