ქართველი მუსიკოსის იტალიური ატელიე: შეკვეთები „ლა-სკალადან“ და სხვა ცნობილი თეატრებიდან

© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
იტალიაში ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის არც ისე ბევრია ისეთი, რომელიც უცხოეთში პროფესიულ რეალიზებასა და წარმატებას აღწევს. თუმცა მუსიკოსი და მევიოლინე მაია სიხარულიძე სწორედ ასეთია.
მაიამ იტალიაში 2002 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო. მოგვიანებით გახსნა სამკერვალო ატელიე, რომელიც შეკვეთებს „ლა-სკალადან“, ტოსკანისა და „ბალეტო დი რომას“ ცნობილი თეატრებიდან იღებს. შემდეგ სარესტორნო ბიზნესშიც მოსინჯა ძალები და აქაც წარმატებას მიაღწია. ამ ქალბატონის ქართულ-იტალიური ცხოვრების ამბავს მასალაში გაეცნობით.
- ქალბატონო მაია, როდის და როგორ დაიწყო იტალიაში თქვენი საქმიანობა?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ საქართველოში მუსიკოსების ოჯახში დავიბადე და მუსიკალური ათწლედი თბილისში დავამთავრე. იტალიაში მასწავლებლობა 2002 წლიდან დავიწყე. ამ პერიოდში ძალიან საინტერესო მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ვატარებდი საღამოებს და მონაწილეობას ვიღებდი კონცერტების ორგანიზებაში. იტალიის მუსიკალურ ინსტიტუტში საქმეთა მმართველიც ვიყავი, ბევრი კვარტეტის გამოსვლაში მიმიღია მონაწილეობა, ხან პროფესიონალ მუსიკოსებთან, ხანაც წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად.
ერთი პერიოდი ორკესტრთანაც ვთანამშრომლობდი. ჩრდილოეთ იტალიაში ბევრი კონცერტი ჩავატარეთ. განსაკუთრებით მახსენდება 2003 წლის დეკემბერში ყველაზე პრესტიჟული სცენა – ვენეციის ფენიჩეს თეატრი, რომელსაც 1996 წლის საშინელი ხანძრის შემდეგ რესტავრაცია ახალი ჩატარებული ჰქონდა.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
მაია სიხარულიძე
- ბავშვობაში ვიოლინოზე დაკვრის სურვილი რის შემდეგ გაგიჩნდათ?
- გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მიმიყვანა დედამ ხუთი წლის ასაკში მუსიკალურ ათწლედში მისაღებ გამოცდაზე. იქ ჩამიტარეს ტესტი, რომლითაც შეამოწმეს ჩემი რიტმის გრძნობა, თუ როგორ შემიძლია ფორტეპიანოზე ნოტების გამოცნობა.
დედამ, თავისი ინიციატივით, ჩემი მიყვანა ფორტეპიანოს კლასში გადაწყვიტა, მაგრამ ერთი მომენტის მერე გადაწყვეტილება შეცვალა. ათწლედის დერეფანში ლოდინის დროს დავინახე პატარა გოგონა, რომელსაც ხელში პაწაწუნა ვიოლინო ეჭირა. ისე მომეწონა, რომ დედას ვუთხარი, ვიოლინოზე სწავლა მინდა-მეთქი.
რა თქმა უნდა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, რადგან სმენა ხელს მიწყობდა. ვიოლინოს პირველივე გაკვეთილიდან ავუღე ალღო და გავითავისე. მახსოვს, დედა ფორტეპიანოს მიუჯდებოდა და ვაჟა აზარაშვილის, გოგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის სიმღერებს უკრავდა, მე კი მელოდიას ვყვებოდი. ორივე ძალიან ვხალისობდით.
- საქართველოში გქონდათ საშუალება, რომ გუნდთან ერთად გემღერათ?
- ჩვენთან ამის საშუალება არ მქონია, ერთადერთი მახსენდება მაშინ, როცა, როგორც გუნდის მომღერალი, თბილისის სახელმწიფო კაპელაში ვმუშაობდი. კახიძის თეატრში ბევრი საინტერესო კონცერტი ჩატარდა. დირიჟორები იყვნენ ჩემი უსაყვარლესი და განუმეორებელი ბატონი გივი მუნჯიშვილი, კონსერვატორიაში სწავლის დროს კი ბატონი სოსო კეჭაყმაძე, რომელიც საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის კათედრის გამგე იყო.
როცა კონსერვატორიაში საგუნდო ფაკულტეტის სამი კურსი დავხურე, ბედმა იტალიაში ჩამომიყვანა. იქ ვმღეროდი მუსიკალურ გუნდში, რომელსაც STELLA ALPINA ერქვა. მას დედა, იტალიაში ცნობილი ლოტბარი გულიკო ლომთათიძე ხელმძღვანელობდა. მაშინ ჯონ რატერის „მაგნიფიკატიდან“ რამდენიმე ნაწილი მოვამზადეთ და წარმატება გვხვდა წილად.
- თქვენი იტალიური ცხოვრება შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა...
- როცა მუსიკის გაკვეთილების ჩატარება დავიწყე, პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობას ვეწეოდი და პრესტიჟული იტალიური თეატრების სცენებზე გამოვდიოდი. ერთ მშვენიერ დღეს კი ფლორენციაში მოულოდნელად განსხვავებულ სფეროში აღმოვჩნდი – ცეკვის აკადემიასთან არსებულ სამკერვალო სტუდიაში საცეკვაო კოსტიუმების შექმნა დავიწყე. იტალიელი ხელოვანებისთვის სასურველი და საჭირო პიროვნება გავხდი.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა
მაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
მაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა
დღეს ფლორენციაში ცეკვის აკადემიასთან არსებულ ატელიეს ვხელმძღვანელობ და სპეცტანსაცმელს ვკერავთ ბალერინებისა და მსახიობებისთვის.
- ეს გატაცებაც ბავშვობიდან მოგყვებათ?
- დიახ, ჩხირებით, ყაისნაღით ქსოვა, ქარგვა და კერვა ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი მოქსოვილი თუ შეკერილი ტანსაცმელი მომწონდა და მათი ჩაცმა კმაყოფილებას მანიჭებდა. ეს იყო ჩემი საყვარელი ჰობი, რომელიც დღემდე მომყვება.
ფლორენციაში ძალიან საინტერესო სამუშაო მაქვს. ზოგჯერ ძველი თარგების მიხედვით უნდა შევკერო სხვადასხვა აქსესუარი, შარვალი, ჟილეტი, პაპიონი, პერანგი, ფრაკი. ერთხელ ერთ-ერთ სტილისტს შუა საუკუნეების ტოსკანური სამოსის შექმნაში დავეხმარე. იმ სტილისტთან ერთად ბალეტისთვის ძალიან ბევრი კაბა და სამოსი შევკერე.
2020 წლის თებერვალში მონაწილეობა მივიღე ფლორენციის პერგოლას თეატრის მიერ ორგანიზებულ მასტერ-კლასში, სადაც მამაკაცის სამოსის - 1800 წლის ფრაკის კერვის ტექნიკას დავეუფლე.
- გარდა ამისა, ვიცი, რომ თქვენს იტალიელ მეუღლესთან ერთად რესტორანი გახსენით...
- დიახ, მე და ჩემმა იტალიელმა მეუღლემ რესტორანი გავხსენით. მეუღლეს კერძების მომზადება ყოველთვის უყვარდა, მე კი ქართულ სამზარეულოს ვუწევდი პოპულარიზაციას. ქართული ღვინის ბევრი ენო-გასტრონომიული საღამო მაქვს ჩატარებული.
ერთ კონფერენციაზე მოწვეული მყავდა იტალიელი მკვლევარი, მილანის აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი ატილიო შიენცა, რომელმაც იტალიელ და ქართველ მსმენელს ქართული ღვინის სიძველეზე ფანტასტიკურად დასაბუთებული კადრები წარუდგინა.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში
მაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
მაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში
თავის დროზე ამ პროფესორმა საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და გამოსცა ენციკლოპედია, სადაც ჩვენი საუკეთესო ყურძნის ჯიშებია შესული. ერთი მომენტი მინდა მოგითხროთ: როდესაც პროფესორმა განუცხადა იტალიელ სომელიეებს, რომის იმპერიაში ღვინო საქართველოს შემდეგ გაჩნდაო, დარბაზი ამ ამბავს გაოცებული ოვაციებით შეხვდა.
- დაინტერესება თუ წამოვიდა მათი მხრიდან?
- ჩვენი საღამოების მერე იტალიის გარკვეულ წრეებში პირველად გაიგეს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ყურძნის წვენი ღვინოდ აქციეს, ქვევრში შეინახეს და ეს რვაათასწლიანი ტრადიცია ჩვენს მარნებში დღემდე გრძელდება.
ამის მერე იტალიელების მხრიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა. 2018 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიყვანე 24 იტალიელი მეღვინე ქალბატონი, სომელიეები და ენოლოგები, რომლებმაც ინტერესით შეისწავლეს და მარნებში შესულებმა დააგემოვნეს ტრადიციული კახური თუ იმერული, მესხური თუ რაჭული ღვინოები.
- თქვენი შვილები თუ გაჰყვნენ დედის კვალს?
- შვილები ჩემი ყველაზე დიდი განძია. მახარებს მათი არსებობა და წარმატება. მყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი, სამივე კარგად მღერის და უკრავს გიტარაზე. მიუხედავად ამისა, განსხვავებული პროფესია აირჩიეს. თეა განათლებით ტურიზმის სფეროს სპეციალისტია, მაგრამ შემდეგ სხვა გზა აირჩია და აგრომრეწველობას და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.
მარკო ბავშვობიდან ძალიან ათლეტური იყო, გატაცებულია თხილამურებით სრიალით, სნოუბორდით, მონოციკლით, კალათბურთით და პარკურით. ახლა პროფესიულად დაეუფლა აკრო-იოგას და სხვადასხვა ვორქშოპებში იღებს მონაწილეობას. მსურველებს ასწავლის იოგას ახალ მიმდინარეობას, რომელიც პოპულარულია ევროპაში და, ვიცი, მიმდევრები საქართველოშიც ჰყავს.
- როგორია თქვენი ქართული ნოსტალგია?
- მენატრება თბილისი თავისი ულამაზესი ქუჩებითა და აივნებით, ქართული სიმღერებითა და ღიმილით, თბილი და საყვარელი ადამიანებით. მენატრება ჩვენი ბაზრების ფერები და სურნელება, ჩვენი სოფლების სისადავე და მრავალფეროვნება.
ჩემთვის აქ ყველაფერი ძალიან ძვირფასია. საქართველოში რომ მეგობრობა ვიცით, არცერთ ქვეყანაში ისე არ იციან. არ მეგულება ერი, სადაც მეგობრისა და სტუმრისთვის თავის საქმეს გვერდით გადადებენ და მათ დაუთმობენ დროს. ეს უდიდესი კაცთმოყვარული ნიჭი არ უნდა დავკარგოთ.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0