ევროპის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მთელი ქართული კანონმდებლობა შეაფასა - ძამაშვილი

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
ევროპის სასამართლოს შეფასებით, ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის მიერ დადგენილ სტანდარტებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე თავისი გადაწყვეტილებით შეაფასა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ასევე კონკრეტული სპეცოპერაცია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რადგან გამოძიების მასალები სხვა დასკვნის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ მისაღებია ხელისუფლების ოფიციალური ვერსია იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს ესროლა მაშინ, როდესაც ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, ვიდრე ოჯახის ვერსია, რომ ხელში მას ტელეფონი ეკავა და არა ხელყუმბარა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ხარვეზები მკვლელობის ვითარების გამოძიების დროს.

„ევროპული სასამართლოს შეფასება იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობა სტრასბურგის სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი მტკიცებულება და საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაედგინა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0