ადამიანის ხასიათი თვალების ფერის მიხედვით - ყველაზე ზუსტი აღწერა

© Pixabay / StockSnap
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
ადამიანზე ბევრის თქმა შეიძლება მისი მეტყველების მანერით, ჟესტებით, სიარულით, სახის ნაკვთებით, სამოსის საყვარელი ფერებით. თუმცა მის შესახებ ყველაზე ინფორმაციული წყარო თვალებია, ე.წ. სულის სარკე.
ფიზიოგნომიის შესახებ ყველა უძველესი ტრაქტატი სახის შესწავლის დაწყებას სწორედ თვალებიდან გვირჩევს. და ეს შემთხვევითი არ არის. ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, რომლის წყალობითაც ადამიანი ვითარდება, სწორედ თვალებით აღიქმება.
ხასიათის შესწავლაში თვალების მნიშვნელობა თანამედროვე სამეცნიერო კვლევებითაც დასტურდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თვალების ფერი დიდად განსაზღვრავს პიროვნულ თვისებებს. მაგალითად:
შავი თვალების მფლობელები ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანები არიან, აქვთ დიდი სიცოცხლისუნარიანობა და მოუსვენარი ხასიათი. შავი თვალები მოწმობს, რომ ადამიანი ვნებიანია და მგზნებარე სიყვარული იცის. სათაყვანებელი ობიექტისკენ მიმავალ გზაზე მას თითქმის ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს, თუნდაც ბევრი სიმწარე იწვნიოს.
ყავისფერი თვალების მფლობელები ბუნებრივად არიან დაჯილდოებული მიმზიდველობით, მგრძნობელობით, ჭკუამახვილობით. მათ იციან, როგორ მოაწონონ თავი ხალხს, როგორ ჩაიცვან დიდი გემოვნებით.
მუქი ყავისფერი თვალების მფლობელები ძალიან ტემპერამენტული ადამიანები არიან. ადვილად ფეთქდებიან, მაგრამ ასევე ადვილად ივიწყებენ წყენას. არიან უკიდურესად კომუნიკაბელურები. მალე უყვარდებათ და ზოგჯერ ასევე მალე უქრებათ სიყვარულის ცეცხლი. ყავისფერთვალებიანების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ხშირი კაპრიზები.
ღია ყავისფერი თვალების მფლობელები მორცხვები არიან, მარტოობისკენ მიდრეკილები და მეოცნებეები. ისინი შეიძლება პრაგმატულებად ჩაითვალონ, მაგრამ შესაძლოა ეს განაპირობებდეს კიდეც მათ შრომისმოყვარეობასა და სიბეჯითეს. ასეთებს ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ − საიმედოები არიან.
მათი ხასიათის თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალიზმი, ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების სურვილი. ეს ადამიანები აბსოლუტურად ვერ იტანენ ზეწოლას. ძალიან სენსიტიურები არიან და შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანონ წყენა, თანაც, სხვებისთვის შეუმჩნევლად.
მომწვანო-მოყავისფრო თვალების მფლობელები ბრძენი, თავაზიანი და მშვიდი ადამიანები არიან. მათთვის მთავარია კომფორტი და სიმშვიდე. არიან შრომისმოყვარეები და მონდომებულები, ხშირად აღწევენ მიზნებს. ჰყავთ ბევრი მეგობარი. ადამიანები ხშირად ეკითხებიან რჩევას, მიმართავენ დახმარებისთვის. არიან საიმედო თანამგზავრები, რჩეულს არ ღალატობენ. მათთან ქორწინება ჩვეულებრივ ბედნიერი და ხანგრძლივია.
ნაცრისფერ-ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს (ეს საკმაოდ იშვიათი ფერია) არაპროგნოზირებადი და რთული ხასიათი აქვთ. არიან წინააღმდეგობრივები, არ აქვთ ოქროს შუალედი. ძალიან ხშირად იმედგაცრუებული რჩებიან სხვებისგან, რის გამოც ურთიერთობები უჭირთ. სჭირდებათ კომპანიონი, რომელიც მათ იდუმალ ბუნებას ჩაწვდება. თუ გსურთ ასეთ ადამიანთან ქორწინება წარმატებული იყოს, უნდა გაანებივროთ და თავმდაბლად მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. შეგიძლიათ მასთან რომანი გააჩაღოთ, მაგრამ ჯობს ხანგრძლივი თანაცხოვრების გეგმები არ შეადგინოთ.
ცისფერი თვალების მქონე ადამიანები რომანტიკოსები, ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დაუფიქრებლად შეიყვარონ პარტნიორი, არამედ ისიც ჩაითრიონ თავიანთი ვნების მორევში. მათი აზრების მსვლელობა ზოგჯერ შეიძლება სრულიად არაპროგნოზირებადი იყოს. სხვათა შორის, ძალიან განვითარებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა − მზად არიან დაიცვან სიმართლე, თუნდაც საკუთარი თავის საზიანოდაც კი. ცისფერთვალებების მთავარი მინუსია ქედმაღლობა და ამპარტავნობა.
მუქი ცისფერი თვალების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია დაჟინებულობა, ადვილად ემორჩილებიან საკუთარ ახირებებს, ხოლო მათი განწყობა გაზაფხულის არაპროგნოზირებად ნიავს წააგავს.
მუქცისფერთვალებებს წყენა არ ავიწყდებათ, მაშინაც კი, თუ გულში უკვე დიდი ხანია აპატიეს ადამიანს. მათი გულის ცრემლებით მოლბობა თითქმის შეუძლებელია. ზოგჯერ მრისხანების შეტევა ან უსაფუძვლო დეპრესია ეწყებათ, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უფრო ხშირად მუქცისფერთვალა ადამიანებს მშვიდი ხასიათი აქვთ, თუმცა ერთფეროვნება თრგუნავს მათ.
ნაცრისფერ-ლურჯი თვალების მფლობელებს საკუთარ თავში ეჭვი არასდროს ეპარებათ, არიან დაჟინებული და იმპულსურები, თავდაჯერებულად მიდიან დასახული მიზნისკენ და თითქმის ყოველთვის აღწევენ წარმატებას.
სიყვარულში პარტნიორს ლოგიკით ირჩევენ და არა ემოციებით. ხშირად უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ. ისინი არაორდინალური ადამიანები არიან, ზოგჯერ სასტიკიც, და ყოველთვის ლიდერი. მაგრამ დეპრესიის მომენტებში მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
ნაცრისფერი თვალების მფლობელები ძალიან მონდომებულები და გონიერები არიან. პრობლემების შემთხვევაში „სირაქლემის მეთოდს“ არ მიმართავენ. პირიქით, დაუყოვნებლივ წყვეტენ მათ. მაგრამ ამავე დროს უმწეოები არიან ისეთ სიტუაციებში, სადაც გონება უძლურია.
ნაცრისფერი თვალები მგრძნობელობისა და ცნობისმოყვარეობის ნიშანია. ასეთ ადამიანებს ყველაფერი აინტერესებთ. ამიტომაც ეს იღბლიანთა თვალებია: მათ კარიერაშიც უმართლებთ და სიყვარულშიც.
მუქი ნაცრისფერი თვალების მფლობელები ჯიუტები, გაბედულები და თავდაუზოგავები არიან. აქვთ ძლიერი ნებისყოფა და მტკიცე ხასიათი. ხშირად ეჭვიანობენ, თუმცა ცდილობენ დამალონ ეს. თუ თქვენს პარტნიორს მუქი ნაცრისფერი თვალები აქვს, გაგიმართლათ, რადგან ასეთი ადამიანები თითქმის ყოველთვის მონოგამები არიან.
ნაცრისფერ-მწვანე თვალებიანებს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვთ. შეუძლიათ დაიპყრონ ნებისმიერი მწვერვალი. მათთან მორიგება ძნელია, მაგრამ ხშირად სწორედ ეს ეხმარება მათ მიზნის მიღწევაში. ზოგჯერ ჭირვეული ბუნება აქვთ, შეუძლიათ სიხისტე გამოიჩინონ მათთვისვე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, იშვიათ შემთხვევებში − სისასტიკეც კი.
პარტნიორს თავად ირჩევენ და უზომოდ უყვართ. მაგრამ თუ რჩეული იმავეთი არ უპასუხებს, ცეცხლი მალევე უნელდებათ.
ნაცრისფერ-მწვანე-ყავისფერი თვალების მფლობელები მერყევი ხასიათისანი არიან. გაურკვევლობა ხელს უშლის მათ სწორი არჩევანის გაკეთებასა და წარმატების მიღწევაში. მაგრამ ეს მინუსი იმით ნაზღაურდება, რომ ყოველთვის სასწაულის იმედი აქვთ და არ ნებდებიან. ბედნიერები არიან, თუ თანამგზავრს მათი ესმის. ეს ადამიანები მუდმივად ისწრაფვიან ცვლილებებისკენ.
მწვანეთვალება ხალხი − ეს თავად სინაზეა. ყოველთვის გულწრფელად, ვნებიანად უყვართ და ერთგულებით გამოირჩევიან. მეგობრები მათ საიმედოობისა და სიკეთისთვის აფასებენ, მტრებს კი პრინციპულობისა და სიმტკიცისთვის სძულთ. არიან კარგი მსმენელები და თანამოსაუბრეები.
სტაბილურები არიან, მაგრამ ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩვიან. პარტნიორთან ურთიერთობაში ყოველთვის ცდილობენ ურთიერთგაგების შენარჩუნებას. ცხოვრებისეულ ტვირთს საკუთარ ზურგზე იღებენ. მათთან ქორწინება, როგორც წესი, წარმატებულია.
მწვანეთვალება ადამიანები ძალიან შრომისმოყვარეები და ამავდროულად ძალიან მომთხოვნი არიან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართაც. შესანიშნავად უმკლავდებიან ხელმძღვანელ თანამდებობებს.
ვეფხვისებრი თვალები − უიშვიათესი ფერი ადამიანებში. ასეთი თვალების მქონეებს ხშირად უნიკალური ნიჭი აქვთ, ამბობენ, რომ სხვისი აზრების წაკითხვა შეუძლიათ. არიან არტისტულები და კრეატიულად უდგებიან ნებისმიერ საქმეს. თუ გულში არაფერი ცუდი არ გიდევთ, მაშინ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას არაფერი სჯობს.
ყველა ახალი ამბავი
0