საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
2022 წელს ექსპორტი საქართველოდან 2021 წელთან შედარებით 31,8%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 47,2% გაიზარდა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში 5,6 მლრდ-ზე მეტი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – 2021 წელთან შედარებით თითქმის 32%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 5 592,8 | 31,8 |
იმპორტი | 13 450,1 | 33,2 |
სულ | 19 042,9 | 32,8 |
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 13,5 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 33,2%-ით მეტია.
2022 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 34,1%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2022 წელს ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-5
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 1 024,3 | 25,6 |
მსუბუქი ავტომობილები | 903,8 | 98,0 |
ფეროშენადნობები | 459,8 | -3,7 |
აზოტის სასუქები | 281,4 | 135,5 |
ღვინო | 252,5 | 5,5 |
2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (135,5%), მსუბუქი ავტომობილების (98%) და ძვირფასი ლითონების კონცენტრატების (91,8%), ექსპორტი.
ამასთან, გასულ წელს დაეცა მინერალური წყლების (20,7%), თხილის (13,3%), სპირტიანი სასმელების (4,9%) და ფეროშენადნობთა (3,7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2022 წელს იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 1 618,8 | 73,1 |
ნავთობპროდუქტები | 1 336,4 | 62,4 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 775,3 | 5,3 |
გაზი | 461,3 | 34,7 |
წამლები | 404,0 | 5,7 |
გასულ წელს ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი - 73,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (62,4%), ფოლადის ნაკეთობების (60,1%).
გარდა ამისა, 2022 წელს შემცირდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების იმპორტი (1,8%).
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,7%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2022 წელს
ქვეყნები | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
თურქეთი | 2 806,4 | 30,4 |
რუსეთი | 2 487,0 | 52,3 |
ჩინეთი | 1 862,8 | 25,8 |
აზერბაიჯანი | 1 314,7 | 16,3 |
აშშ | 1 206,4 | 43,1 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი, უკრაინა და იტალია.