„რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ“: კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2023
გამოწერა
საგარეჯოში მომხდარი სროლის საქმეზე უამრავი მოწმე დაიკითხა და ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა, განაცხადა კალანდაძემ
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი სროლის საქმეზე მოტივთან დაკავშირებით სამართალდამცავებს გარკვეული ვერსიები აქვთ, განაცხადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საგარეჯოში 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. ოფიციალური მონაცემებით, დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
„ყველა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას გასცემს პასუხს“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საქმეზე ამ დროისთვის უამრავი მოწმეა დაკითხული და გამოძიება კითხვებს პასუხს ძალიან მალე გასცემს.
მისივე თქმით, გამოძიება იარაღის წარმოშობის დადგენის მიმართულებითაც მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის ეზოში ნათლისღებას დღესასწაულის აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი მოუვიდა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა იგი. შემდეგ ათუაშვილი თავის ბინაში ავიდა და ეზოში მყოფების მისამართით აივნიდან ავტომატური ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების თქმით, სროლა დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
„გავიგე სროლა და დავინახე როგორ იხოცებოდნენ ადამიანები. პოლიციელი გადაეფარა ბავშვს და საკუთარი სიცოცხლე გასწირა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
კიდევ ერთმა მეზობელმა მედიასთან გაიხსენა, როგორ დახოცა ყოფილმა სამხედრომ ჯერ ორი ადამიანი და შემდეგ ესროდა ყველას, ვინც მიშველებას ცდილობდა.
„მე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, სროლის ხმა რომ გავიგე, გამოვედი აივანზე და დავინახე რომ ხალხს ხოცავდა. როცა დავინახე, რომ ორი კაცი დაიღუპა, მიშველება ვცადე, მაგრამ ჩვენც დაგვიწყო სროლა, ამ დროს დაიღუპა პოლიციელიც“, - თქვა მან.
სროლის შედეგად დაიღუპნენ დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და ზაქრო მათიაშვილი.
ასევე სროლას ემსხვერპლა კახეთის რაიონული სამმართველოს საგარეჯოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დეტექტივი, 38 წლის ოთარ ღვინიაშვილი. ის გამოძახების შემდეგ გამოცხადდა ადგილზე კოლეგასთან ერთად და, თვითმხილველების თქმით, მაშინ დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა.
თავად ათუაშვილმა მკვლელობების შემდეგ თავი მოიკლა.
სხვა ვერსიით, ბოროტმოქმედის ქმედებების მიზეზი პოსტტრავმული სინდრომის გამწვავება გახდა. 2006 წლიდან 2021 წლამდე ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ავღანეთში.
მეზობლები ასევე საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც ათუაშვილს ჰქონდა სამსახურში და პირად ცხოვრებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0