რეკორდი მოხსნილია: ტურიზმიდან შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული რეკორდი იყო. კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები — 1 ივნისს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2022 წლის შემოსავლები 7,6%-ით მეტი იყო 2019 წლის მაჩვენებელზე, როდესაც საქართველო საერთაშორისო მოგზაურების პიკზე იყო.
2022 წელს შემოსავლების პიკი აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ ტურისტებისგან ერთ თვეში $522,9 მილიონი გამოიმუშავა, ყველაზე დაბალი დონე კი თებერვალში დაფიქსირდა — 105,2 მილიონი დოლარი.

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს

2022 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 896,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც საქართველოს ტურიზმიდან მიღებული მთელი შემოსავლის მეოთხედია.
ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ხარჯვის პიკი 2022 წლის აგვისტოზე მოვიდა — 133,1 მილიონი დოლარი.
2022 წელს ხარჯების მხრივ მეორე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები არიან — 399,3 მილიონი დოლარით. თურქეთის მოქალაქეებმა ყველაზე მეტი თანხა დეკემბერში დახარჯეს — $84,7 მილიონი.
საქართველოში დანახარჯების მხრივ მესამე ადგილს ევროკავშირის მოქალაქეები იკავებენ, რომლებმაც 2022 წელს $333,2 მილიონი დახარჯეს. მათმა ხარჯვამ პიკს 2022 წლის აგვისტოში მიაღწია — $51,4 მილიონი.
მეოთხე ადგილზე არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც ერთ წელიწადში 273,8 მილიონი დოლარი დახარჯეს. აქედან ყველაზე მეტი თანხა აგვისტოზე მოდის — 32,8 მილიონი დოლარი.
მეხუთე ადგილზე ბელარუსის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 2022 წელს საქართველოში $253,4 მილიონი დახარჯეს. ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯვის პიკიც აგვისტოზე მოდის — 33,5 მლნ დოლარი.

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში

პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0