სროლა საგარეჯოში: შსს დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerშსს
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
მამაკაცმა, რომელმაც საგარეჯოს ცენტრში სროლა ატეხა, თავი მოიკლა, იუწყება შსს.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაიჭრა 5 პირი, დამნაშავე პირმა კი თავი მოიკლა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაცია საგარეჯოში სროლის და მოკლულების შესახებ სამი საათის წინ საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმმა ლეილა ოტიაშვილმა გაავრცელა. საზარელი დანაშაული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ ავტომატიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა კორპუსის ეზოში მყოფი 4 და დაიჭრა 5 ადამიანი.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა, განაცხადეს შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0