რამდენად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - ექსპერტის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
გიორგი ცუცქირიძემ დაასახელა ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპზე.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა შესაძლებელი, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,3% შეადგინა. გასული წლის რეალური ზრდის 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია. 2021 წელს მშპ-ის ზრდამ 10,5% შეადგინა.

„ჩემი შეფასებით, დეკემბერში ექსპორტის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, რაც რეკორდული იყო, ეკონომიკური ზრდის კუთხით ჩვენ ძალიან კარგი წელი გვექნება. ჩემი გათვლებით, 10% თუ არა, მინიმუმ 8,5%. წელს ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ორნიშნა ზრდას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, დეკემბერში ექსპორტის წლიურმა ზრდამ რეკორდულ დონეს მიაღწია, რომელიც 2021 წლის პერიოდთან შედარებით არა მხოლოდ 32,5%-ით გაიზარდა, არამედ თანხობრივადაც რეკორდულია – 556 მლნ აშშ დოლარი.
„ექსპორტი ჩვენი ეკონომიკის აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია და აჩვენებს, რომ 2023 წელსაც ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება", – აღნიშნა მან.
ექსპერტმა დაასახელა ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპზე, რომელთაგან მთავარია ექსპორტის ზრდა, ასევე უმუშევრობის შემცირება.
„მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც შეიძლება წლევანდელ მაღალ მაჩვენებელზე ზეგავლენა იქონიოს – მაღალი ზრდის პირობებში შემცირდა უმუშევრობა, იგი ისტორიულ მინიმუმზეა", – აღნიშნა ცუცქირიძემ.
დღეისათვის საქართველოში უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს – 15,6%-ს მიაღწია. 2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 3,9%-თ შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 19,5% იყო.
მესამე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60,1 ათასი ადამიანით, 19,3%-ით შემცირდა და 250,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
ექსპერტის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შემცირდა უმუშევრობა, არამედ გაიზარდა დასაქმებაც, მათ შორის მუშახელზე მოთხოვნა. ცუცქირიძის თქმით, თუ მუშახელზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება, ესეც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ცუცქირიძის ინფორმაციით, მალე გამოქვეყნდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2023-2028 წლების პროგნოზი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

„აქ ხაზგასმას ვაკეთებ: მართალია, ამ წელს, საქართველოს გარდა, ორნიშნა ზრდა შეიმჩნევა სომხეთში, მოლდოვაში, ირლანდიაში, თუმცა, თუ ირლანდიას არ ჩავთვლით, ბოლო ორი წელია ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ ჩვენ გვქონდა", – განაცხადა ექსპერტმა.

ცუცქირიძის აზრით, 2023-2028 წლების პროგნოზში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდება. ეს, პირველ რიგში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლზე აისახება.
როგორც ცნობილია, 2021 წელს იგი 5,2 ათასი დოლარი იყო, დღეს კი 6,7 ათასი დოლარია. ექსპერტის თქმით, 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს.
„ეს არის ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი. უკვე 2028 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით 12 ათას აშშ დოლარს ავცდებით. გაორმაგებული ეკონომიკა ნიშნავს გაორმაგებულ შემოსავლებს, გაორმაგებულ დასაქმებას. გაზრდილი ეკონომიკა ხელფასების საშუალო მაჩვენებელსაც გაზრდის“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს.
სწორედ ამ მაჩვენებლის საფუძველზე მოამზადა მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0