საგარეჯოში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წითელი ჯვრის მოხალისეა

© courtesy of Georgia red crossწითელი ჯვარი
წითელი ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
საგარეჯოში გვიან საღამოს მოქალაქემ ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი დაიჭრა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა შორისაა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე ზაქრო მათიაშვილი, ნათქვამია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, ღამით 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა საკუთარი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.

„ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი – გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი ტრაგედიის დროს ასევე დაიღუპნენ ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და დავით სარსაძე. გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ და ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება მეხუთე მსხვერპლს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი იყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, 38 წლის ოთარ ღვინიაშვილი. ის გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სასიკვდილო ჭრილობა მაშინ მიიღო, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე გადაარჩინა – მას თავისი სხეულით გადაეფარა.
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყნის პირველმა პირებმა მწუხარება გამოთქვეს>>>
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 48 წლის ნოდარ ათუაშვილია, რომელიც 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
ბინაში, რომლის აივნიდანაც ისროდა, ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
თვითმხილველების თქმით, სროლა გუშინ შუაღამით, დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო. ინტენსიური სროლის ხმა დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ისმოდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ნოდარ ათუაშვილი მარტო ცხოვრობდა, თუმცა ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 20 წლის ვაჟი, რომელმაც მოახერხა ბინიდან გამოსვლა. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რამაც ტრაგედია გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0