საქართველოში შესაძლოა Аmazon-ის ოფისი გაიხსნას

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფუნკე
ლევან დავითაშვილი და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფუნკე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
საქართველოში უახლოეს ათ წელიწადში ციფრული ჰაბის შექმნა მთავრობის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველომ შესთავაზა Аmazon-ს, განიხილოს ის როგორც პლატფორმა Amazon Web Service (AWS) მონაცემთა დამუშავების რეგიონული ცენტრის შესაქმნელად, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ლევან დავითაშვილმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფუნკემ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება.
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა" საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის" დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად.
საქართველოში უახლოეს ათ წელიწადში ციფრული ჰაბის შექმნა მთავრობის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. ციფრული ჰაბი გულისხმობს DATA ცენტრის შექმნას, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოემსახურება.
მანამდე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა პერსპექტივა აქვს იმისთვის, რათა ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Google, Microsoft, Netflix, ქვეყანაში თავისი მონაცემთა ცენტრები განათავსონ.
ყველა ახალი ამბავი
0